იუნკერი: საქართველოსთან ურთიერთობებისთვის დამატებით 40 მილიონ ევროს გამოვყოფთ

ევროკავშირი საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის კიდევ 40 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ-იუნკერმა თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე წლების წინ შევპირდი პრემიერ-მინისტრს, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს გვერდში იდგება. რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებთ, მით მეტ მხარდაჭერას ვიჩენთ ჩვენი მეგობრების მიმართ. მოხარული ვარ დღეს განვაცხადო, რომ დამატებით 40 მილიონს გამოვყოფთ ამ წლის ორმხრივი ურთიერთობებისთვის. საერთო ჯამში 2014 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენ 597 მილიონი გამოვყავით. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დამატებით გამოვყოთ 45 მილიონი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა მან.

იუნკერმა საქართველოს მოქალაქეებს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე მიულოცა და საქართველ0-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის ყოველწლიური შეხვედრები დაიწყება.

“საქართველო ახლოსაა ჩემს გულთან, ახლოსაა ევროპელთა გულებთან, რადგან ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვართ მეგობრები და პარტნიორები. ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ამ დღეებში მე განსაკუთრებულად ამაყი და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან გამორჩეული დღეა.

რამდენიმე თვეში ამ ქალაქში ჩვენ გავხსნით ევროპულ სკოლას და ჩვენ, პრემიერ-მინისტრმა და მე, მოვილაპარაკეთ, რომ ამიერიდან ყოველ წელს ჩავატარებთ ერთ შეხვედრას საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის. ასეთ შეხვედრებს ჩვენ ყველა ქვეყანასთან არ ვატარებთ, მაგრამ მე მინდა, რომ ყოველ წელს ასეთი შეხვედრა ჩატარდეს საქართველოსთან”.

 

გიორგი კვირიკაშვილმა იუნკერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ერთობლივი განცხადებების შემდეგ, პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის სპეციალურ ბანერზე სამახსოვრო წარწერები გააკეთეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან