ახალი ამბები

იმედი გვაქვს, 2021 წელს საქართველო ნატოს წევრის სტატუსით შეხვდება – პრემიერი

26 მაისი, 2018 • 1676
იმედი გვაქვს, 2021 წელს საქართველო ნატოს წევრის სტატუსით შეხვდება – პრემიერი

“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება”- ამბობს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, პრემიერი, პრეზიდენტი და პარალამენტის თავმჯდომარე, ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსულ 7 ქვეყნის პრეზიდენტს და სხვა სტუმრებს პარლამენტში, კონფერენციის “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია” ფარგლებში მასპინძლობდნენ.

“ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით აუცილებლობას წარმოადგენს. საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის, საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტი წევრი”,- განაცხადა კვირიკაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსლისას.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. საუკუნის წინ, თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა, რის შემდეგაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გააცნო. საბჭომ დოკუმენტი ერთხმად მიიღო. 1919 წლის 12 მარტს კი აქტი უკვე მეორედ, ახლად არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი