ახალი ამბები

უსახლკარო ეკომიგრანტები

17 დეკემბერი, 2013 •
უსახლკარო ეკომიგრანტები

სტიქიური მოვლენების შედეგად აჭარიდან და სვანეთიდან ქვემო ქართლში ჩასახლებული ეკომიგრანტი მოსახლეობის 80% –ი ან სხვის სახლშია, ან სახლი, რომელშიც ცხოვრობს, მას არ ეკუთვნის. როდის გახდებიან სახლების კანონიერი მესაკუთრეები ეკომიგრანტები და რატომ იკავებს თავს სახელმწიფო მათთვის ქონების გადაფორმებაზე? ამ კითხვას ქვემო ქართლში მაცხოვრებელი ყველა ეკომიგრანტი ოჯახი სვამს. ვიდრე მოპასუხე მხარე გამოჩნდება წალკაში, ისეთებიც ცხოვრობენ, რომელთაც გადასაფორმებელიც არაფერი აქვთ. უკვე  ქუჩაში აღმოჩნდნენ, ან გამოსახლების საშიშროების წინაშე დგანან.


დანისლულ წალკას კარგა ხანია თოვლის საფარის არც სიუხვე  უკვირს და არც დაბალი ტემპერატურა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ ამ ვითარებაში სამი ეკომიგრანტი ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდა. მათ ქალაქ წალკაში ადგილობრივი ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობის ვადა ამოეწურათ და უფუნქციოდ დარჩენილი ე.წ ყოფილი ,,დოსააფის შენობას” შეაფარეს თავი, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. ე.წ ,,დოსააფის შენობაში” შესახლებული ოჯახები აჭარიდან ეკომიგრანტები არიან. მათგან ერთ–ერთი, ფრიდონ კახაძე აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სახლ-კარის უქონლობამ მიაღებინა.

 

,,შენობა მიტოვებული იყო და პარტახდებოდა, ჩვენ კი სახლ-კარი არ გვაქვს, გვინდა ერთი ოთახი მაინც გვქონდეს, საიდანაც არავინ გამოგვყრის და ამ შიშით არ ვიცხოვრებთ. წლების მანძილზე ვცხოვრობთ ცუდ პირობებში, უკვე მომთაბარეებივით, რამდენიმე სახლი გამოვიცვალეთ და ვერ ვეღირსეთ საკუთარს”, – ამბობს კახაძე.

 

ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშია და აცხადებს, რომ თვითმმართველობა კანონის ფარგლებში იმოქმედეს. შესაბამისი წერილით პოლიციას მიმართავს, რომელიც უფლებამოსილია კანონი აღასრულოს.

 

პოლიციას ჯერ  ,,საკითხი კანონის ფარგლებში არ გადაუჭრია”, ანუ ოჯახები, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი შენობა უკანონოდ დაიკავეს, ჯერ შენობიდან არ გამოუსახლებიათ, ეკომიგრანტები ყოველდღე ხელახალი გამოსახლების მოლოდინში არიან და ხელისუფლებისგან დახმარებას დღემდე ითხოვენ. წალკაში ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის რწმუნებულიც ადასტურებს.


სოფელ განთიადში მოსახლეობის  უმრავლესობას აჭარიდან ეკომიგრანტი ოჯახები შეადგენენ.  ბეჟან ხოზრვანიძე ამბობს, რომ მთავარი და ძირითადი პრობლემა, რომელიც ამ დრომდე მოუგვარებელია და დღემდე ვერც ვერავინ მოახერხა მისი გადაჭრა, ეკომიგრანტთა გამოსახლების პროცესის შეჩერებაა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება .


,,ორი კვირის წინ 15 ოჯახი იქნა გამოსახლებული ადგილობრივი ბერძენი მოსახლეობის სახლებიდან, სადაც 10 წელი ცხოვრობდნენ, თუმცა აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ შესყიდვა მოხდეს დროებით მფლობელობაში არსებული სახლების, რადგან მესაკუთრეები უკვე აღარ ყიდიან ფართებს”, – განმარტავს განთიადის რწმუნებული ხოზრევანიძე და დასძენს, რომ სოფელში მცხოვრები 1,800 ეკომიგრანტი კომლიდან 5–6 ოჯახი კვლავ  გამოსახლების საშიშროების წინაშე დგას.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროში მიგრაციის რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტმენტის უფროსი ზაზა იმედაშვილი ამბობს, რომ გულდასაწყვეტია, როცა ქვეყანაში მსგავსი ფაქტი ხდება, თუმცა სამინისტრომ დაასრულა მუშაობა მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე შექმნილ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც სპეციალური კომისია პრიორიტეტების მიხედვით, სტიქიურად დაზარალებული ოჯახებისთვის მალე 40–მდე სახლს შეიძენს.


,,ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი ფორმით ვსვამთ ამ საკითხს, რომელიც საკმაოდ სენსიტიურია. მინდა გითხრათ, რომ ასე ადვილი არ არის სახელმწიფოსთვის მსგავსი საკითხების გადაჭრა, მით უმეტეს, ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც მთლად დალაგებული არ არის ყველაფერი. სახელმწიფოს აქვს პრიორიტეტული საკითხები და ერთ–ერთი პრიორიტეტი არის სტიქიურად დაზარალებული ოჯახების პრობლემების გადაწყვეტა, თუმცა ამაშიც კი შესაძლოა უფრო პრიორიტეტული სხვა საკითხი იყოს, ამ საკითხების გადაწყვეტას ზოგადად უამრავი ფინანსური რესურსი სჭირდება, სამინისტრომ მიიღო ნორმატიული აქტი მინისტრის ბრძანების საფუძველზე , სადაც არის გაწერილი კრიტერიუმები. მალე საინფორმაციო კამპანიაც დაიწყება, გაეცნობა ყველა ადამიანი და საშუალებებიდან გამომდინარე, რაც სახელმწიფოს აქვს, შეძენილ იქნება 40–მდე სახლი, იმ კრიტერიუმების ფარგლებში და მათთვის, ვისთვისაც სპეციალური კომისია ჩათვლის საჭიროდ. არ აქვს, სამწუხაროდ,  სახელმწიფოს იმის საშუალება, რომ ერდროულად 100 მილიონი გამოყოს და ერთდროულად მოაგვაროს ეს საკითხი. სამინისტრო ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს. პრობლემა მასშტაბურია და ათეულობით ათას ოჯახს ეხება. ეს ყველაფერი კი თავისთავად ეტაპობრივად,  ნელ–ნელა უნდა გადაწყდეს”,– განაცხადა ზაზა იმედშვილმა და დასძინა, რომ სპეციალური კომისიის წევრები მხოლოდ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები არ არიან, მასში როგორც  საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე  სხვა სამინისტროებიც შედიან. სწორედ კომისია გადახედავს, განიხილავს და გადაწყვეტს, ვინ ჩაითვლება რეალურად სტიიქით დაზარალებულად და მსგავსი ოჯახების რა რაოდენობა არსებობს ქვეყანაში.



ერთია, როცა სტიქიური უბედურების შედეგად სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს გამოსახლების პრობლემა აქვთ, მაგრამ არანაკლები პრობლემები ექმნებათ იმ ოჯახებს, რომლესაც სახლები საკუთრებაში არ აქვთ.

 


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პროექტი ,,ეკომიგრაცია: დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის”  რამდენიმე თვეა დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის ექვსი მუნიციპალიტეტის  10 სოფლისა და თითოეული  ქალაქის 6 დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯხების მონახულება და მათი პრობლემების იდენტიფიცირება მოახდინა. ეკომიგრანტთა დასახლებებში შეხვედრები მუნციპალიტეტების წარმომადგენელთან  ერთად მიმდინარეობდა  და სხვა ინდივიდუალურ პრობლემებში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეკომიგრანტთა ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების დაკანონება აღმოჩნდა. რა ვალდებულება უნდა აიღოს სახელმწიფომ სახლების დაკანონებასთან დაკავშირებით და თუ არსებობს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი ეკომიგრანტების საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელისუფლება, გარკვეულწილად, გადმოიტანდა და მოარგებდა საქართველოს კანონმდებლბის შესაბამისად? პროექტის ეროვნული კოორდინატორი ნინო თევზაძე ამბობს, რომ სახელმიწფომ უნდა დაარეგულიროს საკითხი და როგორც იყო შეპირება, ეკომიგრანტებს  სახლები საკუთრებაში გადასცეს.

 


,, ეკომიგრანტებს  სახლები საკუთრებაში უნდა გადაეცეს, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს უკანასკნელები არ მოახდენენ ამ სახლების გაყიდვას.  მოხდეს გარკვეული ხელშეკრულებების დადება ეკომიგრანტ ოჯახსა და სახელმწიფოს შორის (თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც, როდესაც მათ სახლები არ ჰქონდათ დაკანონებული, სახლების გაყიდვას მაინც ახდნედნენ), სადაც ორივე მხარის გარკვეული ვალდებულება იყოს აღნიშნული, რათა თავიდან ავიცილოთ ეკომიგრანტების უსახლკაროდ დარჩენა სახლის გაყიდვის შემთხვევაში. რაც შეეხება პრაქტიკას, არსებობს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, ასევეა საერთაშორისო აქტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია“,– აცხადებს ნინო თევზაძე.

 


ქალაქ წალკაში სულ 2,343 აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრირებული ოჯახი ცხოვრობს, აქედან სახელმწიფოს მიერ მხოლოდ 571 ოჯახს აქვს საცხოვრებელი ფართი შეძენილი. დარჩენი ოჯახები ადგილობრივი ბერძნების სახლებში პიროვნული შეთანხმების საფუძველზე ცხოვრობს, რის გამოც გამოსახლებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ეს პრობლემა წალკის მუნიციპალიტეტს უკვე დიდი ხანია გასცდა.

 


ქალაქ თეთრწყაროში მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს რწმუნებული თამაზ მოსიძე ეკომიგრანტთა პრობლემების ჩამოთვლას იმ სახლებიდან იწყებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ 2004–2005–2006 და 2009  წლებში ,,თანამონაწილეობის” პრინციპით იქნა შესყიდული, (სახლის ღირებულების ნაწილი სახელმწიფომ გადაიხადა, ნაწილი კი ეკომიგრანტმა ოჯახმა) ასეთი 129 სახლია და ის დღემდე სახლემწიფოს საკუთრებაა. რწმუნებულს საბუთად მოჰყავს  პრეზიდენტის 2012 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება, რომელიც ეკომიგრანტებისათვის სახლების სიმბოლურ ფასად–1 ლარად გადაცემას გულისხმობს, თუმცა ბრძანებულების აღსრულება დღემდე არ მომხდარა. ეკომიგრანტები დაკანონების შეფერხების ერთ–ერთ მიზეზად  განსახლების სამინისტროს ასახელებდნენ. სამინისტროში შიშობდნენ და დასაბუთებული ვარაუდიც კი არსებობდა იმისა, რომ თუ სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდებოდა, ისინი უკვე დაკანონებულ ფართებს გაყიდიდნენ და სხვაგან გადაწყვეტდნენ გადასვლას.  ქალაქ გარდაბნის ეკომიგრანტთა დასახლება ლელაშხაში 210 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა ადგილზე – 110 ოჯახი. სახლები საკუთრებაში არც აქაურებს აქვთ, თუმცა მხოლოდ აქ შევხვდით შემთხვევას, როცა მიუხედავად დაუკანონებლობისა ბევრი სახლია ისეთი, რომელიც ეკომიგრანტებმა, ისევ სტიქიურად დაზარალებულებზე გაყიდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა დაუკანონებლობას ხელი არ შეუშლია სახლები გაეყიდათ.


ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ეკომიგრანტებისთვის სახლების გაფორმება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უფრო მეტიც, ზაზა იმედაშვილის თქმით, დაწყებულია ეკომიგრანტებისათვის სახლების დაკანონების პროცესი კონკრეტული და ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, თუმცა საკუთრებაში გადაცემის პროცესი გარკვეული მიზეზების გამო ფერხდება.

 

,,ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს გადავუგზავნეთ აბსოლიტურად ყველა სახლის დოკუმენტაცია, რომელიც არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში ჩვენს სახელზე ანუ ბიუჯეტის თანხით შესყიდული, შესაბამისად, დაკანონების საკითხის დაწყებას, ჩემი ვარაუდით, გარკვეული ფინანსური საკითხი აფერხებს, საუბარია 1,079 სახლზე, რომლის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით სიმბოლურ ფასად, როგორც კანონმდებლობაშია აღნიშნული, უნდა გაკეთდეს ქონების აღწერილობა, აზომვითი ნახაზები ყველა სახლის თავის ფართით, ამას კი გარკვეული და საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება. აქედან გამომდინარე ორ პრობლემას ვაწყდებით: ერთია –ფინანსური, ხოლო მეორე – ვის უნდა გამოეყოს ეს ფინანსები –ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც სახელმწიფო ქონების განმკარგავია, განსახლების სამინისტროს, რომლის ბალანსზეც არის ეს სახლები,  თუ სხვა რომელიმე უწყებას.  აქ არის სხვადასხვა საკითხებიც, რომლებიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. თუმცა აქ მთავრ პრობლემას ფინანსების მობილიზება ქმნის. სხვა დამაბრკოლებელი ან შემაფერხებელი მიზეზი არ არსებობს”, – განაცხადა ზაზა იმედაშვილმა.



სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი ალბათ ყველა ეკომიგრანტისთვის მეტნაკლებად დადებითად გადაწყდება, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში აღმოჩნდებიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ეკომიგრანტთა დასახლებაში, სადაც 75 აჭარიდან ეკომიგრანტი ოჯახი ერთ კორპუსში ცხოვრობს. მათი მთავარი პრობლემა და სატკივარი ის სახლებია, რომლებშიც 25 წელია ცხოვრობენ. 2007 წელს კი ბინები, რომელშიc 1997–98 წლებიდან ცხოვრობდნენ სხვა პიროვნებებზე გაფორმდა. სასამართლო დავა დღემდე მიმდინარეობს. მიuხედავად ამისა, რამდენიმე ოჯახის გამოსახლება მაინც მოხდა და მესაკუთრეებმა ბინები გააქირავეს. კორპუსში მაცხოვრებელი  75 ოჯახიდან 20 სახლი დღემდე სადავოა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აცხადებს,  რომ საკითხი ცდება მათი კომპეტენციის ფარგლებს, რადგან ის სასამართლო დავის საგანია.



მაშინ, როცა წალკაში, თეთრწყაროში, დმანისსა და გარდაბანში ეკომიგრანტებს სხვისი სახლებიდან ასახლებენ, ამავე რეგიონში არსებობს სწორედ მათთვის აშენებული და დაუმთავრებელი სახლები, რომლებსაც ახლა მიტოვებული სოფლების ფუნქცია აქვს. ნახევრად აშენებული 100–მდე სახლი კრწანისის შესასვლელიდან ორიოდე კილომეტრშიცაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამ სახლებს მაინც გამოიყენებს ეკომიგრანტების დასასახლებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი