ახალი ამბებირეკლამახელოვნება

პენმარათონი – 2018 დაიწყო

25 მაისი, 2018 • 3209
პენმარათონი – 2018 დაიწყო

ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსი პენმარათონი – 2018 დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

24 მაისს ბაკურციხეში, მაროშენის ტერიტორიაზე კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფმა პრესკონფერენცია გამართა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელის, თამარ ლებანიძის თქმით, “პენმარათონი – 2018” მთლიანად მიეძღვნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს და საერთაშორისო, ქართულ-გერმანულ ფორმატში ჩატარდება.

გერმანული მხრიდან მარათონის პარტნიორები არიან უმსხვილესი საგანმანათლებლო ცენტრი ფრანკფურტის მედია-კამპუსი (Media Campus of Frankfurt) და ლიტერატურული პროფილის პირველი გერმანული სოციალური ქსელი mojoreads.

“პენმარათონი ბრუნდება და წელს ჩავატარებთ ქართულ-გერმანულ ფორმატში. კონკურსის ფორმატი ღიაა და დემოკრატიული. მიიღეთ მონაწილეობა, თქვენ შანსი გაქვთ მოიგოთ სოლიდური ფულადი პრემია, იმოგზაუროთ ფრანკფურტში, ხოლო თქვენი ნაწარმოები ორენოვან კრებულში შევა,” – განაცხადა თამარ ლებანიძემ.

პენმარათონი-2018- ის წერითი სესია ჩატარდება 20-21 ივნისს ბაკურციხეში, მაროშენის ტერიტორიაზე. კონკურსის მონაწილე 12 გერმანელი ავტორის გარდა, 19-22 ივნისს პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა გერმანული დელეგაცია კონკურსის ჟიურის, თანაორგანიზატორების, ლიტერატურის კრიტიკოსებისა და ბლოგერების შემადგენლობით. დაგეგმილია სპეციალური ლიტერატურული ვორქშოფი მონაწილეთათვის და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.

[checklist]

  • I პრემია- 3000€
  • IIპრემია- 2000€
  • III პრემია 1000€

    [/checklist]

პრემიები ცალ-ცალკე გაიცემა გერმანელ და ქართველ გამარჯვებულებზე.

წლევანდელ პენმარათონში პირველად ჩაერთო სახელმწიფო. კულტურის მინისტრის მრჩევლის, ქეთევან დუმბაძის თქმით, სამინისტრო მიიჩნევს, რომ პენმარათონი ყოველწლიურად, უწყვეტად უნდა ტარდებოდეს:

“სამინისტრო ჩაერთო ამ პროექტში. ჩვენ გვესმის მისი მნიშვნელობა, რადგან ის მწერლები, რომლებიც დღეს ქართულ ლიტერატურას ქმნიან, სხვადასხვა წელს პენმარათონის გამარჯვებულები იყვნენ,” – აღნიშნა ქეთევამ დუმბაძემ.

პენმარათონი-2018 დასრულდება ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში. უშუალოდ ბაზრობის ტერიტორიაზე, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში მოეწყობა კონკურსის შედეგად შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოებისაგან (5 გერმანული, 5 ქართული) შედგენილი ორენოვანი კრებულის (ქართულ და გერმანულ ენებზე) პრეზენტაცია. იმავე საღამოს ფრანკფურტში, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში ავტორები წაიკითხავენ ფრაგმენტებს თავიანთი ნაწარმოებებიდან.

პენმარათონი 2010-ის გამარჯვებული მწერლის, ნინო გუგეშაშვილის თქმით, მარათონი მას ბევრ რამეში დაეხმარა:

“პირველ პერმანათონამდე ოფიციალურად ჩემი მოთხრობა არსად დაბეჭდილა. ასე, რომ ამ მხრივ მარათონმა ბევრი მომცა. ამის მერე ბევრ კონკურსში მივიღე მონაწილება, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩული პენმარათონია თავისი ურთიერთობებით, გარემოთი. პენმარათონმა საუკეთესო მწერლები წარმოშვა,” – აღნიშნავს მწერალი.

პერნამარათონი საქართველოში უკვე ექვსჯერ ჩატარდა . პროექტის მიზანია ლიტერატურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ახალი სახელების აღმოჩენა და მხატვრული პროზის საინტერესო ნიმუშების შექმნა ცოცხალი შეჯიბრის პროცესში. ამ კონკურსმა ხელი შეუწყო საქართველოში ლიტერატურული პროცესის განვითარებას და გამოკვეთა ახალი ტენდენციები.

პენმარათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 21 წლის ასაკიდან. განაცხადები მიიღება 25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათამდე, გამომცემლობა “დიოგენეს” ოფისში. მისამართი: ანდრია აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის უკან).

პენმარათონი 2018-ის სპონსორები არიან საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი და საზღვაო- სატრანსპორტო კომპანია MSC. ორგანიზატორები არიან – ფრანკფურტის მედია-კამპუსი, ინტერნეტ- პლატფორმა mojoreads, გამომცემლობები „შემოქმედი ანგელოზი“ და „სიესტა“. ხოლო, საინფორმაციო მხარდაჭერები: „ნეტგაზეთი“, ტელეკომპანია „იმედი“, რადიო „ფორტუნა“,

მასალების გადაბეჭდვის წესი