ნოემბრიდან ტაქსის მძღოლები, რომლებსაც რეგისტრაცია გავლილი არ აქვთ, დაჯარიმდებიან

პირველი ნოემბრიდან იმ ტაქსების საქმიანობა, რომლებსაც სავალდებულო რეგისტრაცია გავლილი არ ექნებათ, უნებართვოდ ჩაითვლება და 200-ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე საუბრობს.

რაც შეეხება რეგისტრაციას,  პირველ ეტაპზე  საჭიროა პირადობის მოწმობა და დაახლოებით 50 ლარამდე ოდენობის მოსაკრებლის გადახდა (ერთჯერადი გადასახადი). ჩვენც ადრე ვთქვით, რომ ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გადასახადი განახევრდება, ხოლო ელექტრომანქანებისთვის იქნება სრულიად უფასო,” – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე განმარტებით, 2019 წლის ბოლოსკენ საკრებულოს მიერ მიღებულ აქტში სხვა პირობებიც გაიწერება, რომელიც ავტომობილის ფერს, ერთიან სტანდარტსა და უსაფრთხოების ნორმებს შეეხება.

თბილისში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (Mკატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე  მძღოლის 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით  უკვე მიიღო, დეპუტატ ნინო წილოსანის ინიცირებულია.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, თუ მძღოლი ჯარიმას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. ამავე ცვლილებების პაკეტით, საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, მძღოლის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რაც შეეხება რეგისტრაციას, თბილისის მერია ტაქსის მძღოლების რეგისტრაციის დაწყებას 2018 წლის ზაფხული-შემოდგომიდან გეგმავდა, ამის შესახებ 24 დეკემბრის დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. თუმცა მაშინ, სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გასავლელად თანხის გადახდა არ მოუწევდათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან