ახალი ამბები

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას გეგმავს

24 იანვარი, 2018 • 2606
თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას გეგმავს

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებისთვის სავალდებულო რეგისტრაციას გეგმავს. რეგულაცია 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული სტანდარტების ეტაპობრივად დამკვიდრებაა.

“თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ. ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდეს იმგვარად, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს,” – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია, რომლის შემოღებაც აუცილებელია, რომ ეტაპობრივად გადავიდნენ ევროკავშირში მოქმედი ტაქსის რეგულაციაზე. მისი თქმით, ეს უნდა იყოს თბილისის სახე და როგორც თბილისის მოსახლეობამ, ასევე, ტურისტებმა კომფორტული ტაქსებით უნდა ისარგებლონ.

“ბუნებრივია, სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, ჩვენ დავაანონსებთ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ნებართვის აღება. რადგან ეს ბაზარი დღეს არ არის არც აღრიცხული, არც დარეგისტრირებული, ნებისმიერი ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, რომ ნამდვილად უნდა ამ საქმიანობის გაგრძელება, შეეძლება, ძალიან მარტივი განაცხადით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მიმართოს მერიას. ჩვენ გავცემთ შესაბამის დამადასტურებელ ნებართვას, რომლის შემდეგაც ამ ადამიანს პირველ ეტაპზე ექნება უფლება, რომ ტრაფარეტი ედგეს, რაც მოახდენს მის იდენტიფიცირებას,” – ამბობს მაია ბითაძე.

როგორც მერის მოადგილე ამბობს, ამ ნებართვის ასაღებად ტაქსის მძღოლებს არ მოუწევთ თანხის გადახდა:

“ჩვენი პოლიტიკა არ არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება და ამოღება. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, იქნება ეს ავტობუსი, იქნება ეს სამარშრუტო ტაქსი თუ მსუბუქი ავტომობილი, უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის –  მანქანის ტექნიკური გამართულობის, მანქანის ვიზუალის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების თუ თვითონ მძღოლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ მთავარი მიზანია, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს მარტივი ფორმით რეგისტრაცია და მეორე ეტაპზე ჩვენ უკვე შევეცდებით, რომ ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გავხადოთ ის სისტემა, რასაც ტაქსის მომსახურება ჰქვია.”

გარდა ტაქსის რეგულაციისა, როგორც კახა კალაძემ 24 ნოემბერს გამართულ მერიის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო შესაძლოა ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს.

მისი თქმით, თბილისში, ისევე როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო მძღოლები აღნიშნულ წესს არღვევენ.

“თუ არ ვცდები, დღეს ჯარიმა არის 20 ლარი. დარღვევების აღსაკვეთად, ვფიქრობთ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს უკვე გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ცხადია, ყველა ის ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობ, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პარლამენტთან და, რაც მთავარია, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით ხორციელდება,” – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი