ახალი ამბები

ვის შეხვდა და რაზე ესაუბრა გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში

24 მაისი, 2018 • 1622
ვის შეხვდა და რაზე ესაუბრა გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობებშია ნათქვამი, შეხვედრებზე მთავარი საკითხები იყო ნატოს მოახლოებული ბრიუსელის სამიტი, უსაფრთხოების საკითხებში ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობა და აშშ-ის და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა.

[red_box]კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა საკუთარ სახლში უმასპინძლა[/red_box]

გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა დეტალურად განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი.

“აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესში. ვიცეპრეზიდენტმა პენსმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მზაობა, გადადგას ნაბიჯები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით”.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეხვედრის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის სახლში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

[red_box]შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან[/red_box]

21 მაისს კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. იგი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

როგორც ევრაზიის კარიბჭე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი ევროკავშირიდან ჩინეთამდე, რასაც ემატება აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი, საქართველო წარმოადგენს იდეალურ ბაზას, საიდანაც ამერიკული ბიზნესი დაიმკვიდრებს ადგილს მთლიანად რეგიონში. საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნესგარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის – გიორგი კვირიკაშვილი

თავად პომპეომ კი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სჭირდება კანონის უზენაესობა, პლურალიზმი და კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები:

ჩვენ ვიცით, რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს. კანონის უზენაესობას, რომელსაც ერთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული ხელისუფლება და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული პლურალიზმი, არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის.

დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები იმისთვის, რომ ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის, პოლიტიკასა და მედიაში, ასევე -განამტკიცოს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები სახელისუფლებო ინსტიტუტებში.

[red_box]შეხვედრა ვეს მიტჩელთან[/red_box]

გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვეს მიტჩელს, რომელიც მანამდე თავად იმყოფებოდა საქართველოში.

ვეს მიტჩელის შეფასებით, საქართველო რეგიონში სამაგალითოა. მან ასევე აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

საქართველო არის მნიშვნელოვანი კარიბჭე შუა აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გლობალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პროექტებში მათი ჩართულობისთვის.- უეს მიტჩელი.

[red_box]საზეიმო მიღება აშშ-ის კონგრესში[/red_box]

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების – კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმა მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საქართველოს მეგობრებს მადლობა გადაუხადა აშშ-საქართველოს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის. მიღებაზე სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე საუბრით დაიწყო, რომელიც რეაბილიტაციის კურსს ვაშინგტონში გადის.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბობ გუდლატე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ელიოტ ენგელი, კონგრესმენები – დევიდ პრაისი, დანკან ჰანტერი და მარკ სანფორდი.

[red_box]შეხვედრა სენატორებთან[/red_box]

კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოშიც, სადაც შეხვდა სენატორებს- აარონ ჯონსონს და კრის მერფის.

ოფიციალური ცნობით, სენატორებმა აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების გზით მიაღწია. მათი შეფასებით, მისასალმებელია, რომ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სტაბილური განვითარების გზა შეინარჩუნა. 

კვირიკაშვილი ასევე შეხვდა სენატორ ლინდსი გრემს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის სენატის მხრიდან, რაც აქამდეც არაერთხელ იყო გამოხატული როგორც რეზოლუციებში, ასევე – კონსოლიდირებულ აქტში საქართველოს მხარდამჭერი დებულებებით.

[red_box]კონფერენცია – “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი”[/red_box]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაზე – “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი”.

მშვიდობის ინსტიტუტში ასევე გაიმართა საზეიმო მიღება, რომელსაც აშშ-ის პოლიტიკური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი