ახალი ამბები

WISG: ლგბტი საკითხები დღემდე პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია

23 მაისი, 2018 • 1492
WISG: ლგბტი საკითხები დღემდე პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”  17 მაისთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, ლგბტი საკითხები დღემდე პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია, ხოლო ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ სიძულვილთან და აგრესიასთან გამკლავება, ფსევდომხარდამჭერები “მშიშრებს” უწოდებდნენ, ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნვას კი პოლიტიკურ სიბეცედ და უმწიფრობად ნათლავდნენ.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2013 წლის მოვლენების გაანალიზებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად პოლიტიზებულია ჰომოფობიასთან ბრძოლის პროცესი, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც მთავად აქტორებად აქტივისტების ნაცვლად იყვნენ ხელისუფლება, ოპოზიციური პარტიები და ეკლესიები.

“სამწუხაროა, რომ ეს პროცესები დღემდე გრძელდება და ლგბტი საკითხები ისევ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია. მეტიც, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები წლებია, ცდილობენ უშუალო ჩარევას 17 მაისის დაგეგმვის პროცესებში. მათი მონაწილეობა, როგორც წესი, დესტრუქციული ხასიათისაა და ხშირად იწვევს დათიშვას თემის შიგნით. სწორედ ამის შედეგია წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ჩატარებული აქციები, რაც საზოგადოების თვალში ორგანიზაციებს შორის განხეთქილებად და კონკურენციად აღიქმება. 2017 წელს პირველად შევძელით ამ წინააღმდეგობის დაძლევა და აქცია, მართალია, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, მაგრამ მაინც ჩატარდა,” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექსტრემისტული არაფორმალური დაჯგუფებების და  ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებულ მსვლელობაში მონაწილეთა დამოკიდებულების გარდა ნიშანდობლივი იყო, რომ პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქცია “იდეოლოგიური დაპირისპირების” კერად იქცა. ცალკეული პოლიტიკური აქტორებისთვის კი პოლიტიკური დღის წესრიგი აქტივისტთა უსაფრთხოებაზე მაღლა დადგა.

“ნიშანდობლივია, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების მიუხედავად, ეს ნარატივი არ შეცვლილა 17 მაისის შეფასების დროსაც. ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ სიძულვილთან და აგრესიასთან გამკლავება, ფსევდომხარდამჭერები “მშიშრებს” უწოდებდნენ, ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნვას კი პოლიტიკურ სიბეცედ და უმწიფრობად ნათლავდნენ. ამის პარალელურად, ლგბტ აქტივისტთა სპონტანურად დაგეგმილ მცირერიცხოვან აქციებს შსს მინისტრმა პროვოკაცია უწოდა.

სწორედ ასე გადააქვთ პასუხისმგებლობის ტვირთი მოძალადიდან მსხვერპლზე ძალაუფლების მქონე, პრივილეგირებულ ჯგუფებს – ერთი მხრივ, სიმხდალეში ადანაშაულებენ იმის გამო, რომ წინ ვერ აღუდგნენ მოძალადეს და, მეორე მხრივ, ძალადობის პროვოცირებაში სდებენ ბრალს. “მშიშრებისა” და “პროვოკატორების” იარლიყების მოწებების მცდელობამ ზედაპირზე ამოიტანა ჩვენზე ზრუნვით შენიღბული რეალური დამოკიდებულებები,” – აცხადებს ორგანიზაცია.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”  თქმით, 17 მაისი, პირველ რიგში, თემის წევრებს ეკუთვნით. არც ხელისუფლებას და არც სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება  აქტივისტებს აქციის ფორმა და შინაარსი უკარნახონ.

“წლევანდელი 17 მაისის აქციის მთავარი თემაც სწორედ ჰომოფობიით პოლიტიკური სპეკულირების საკითხი იყო. აქტივისტების პარტიზანულმა პროტესტმა, სხვა ფორმით, მაგრამ იმ შედეგთან მიგვიყვანა, რისი თქმაც გვსურდა საზოგადოებისთვის: ამ თემის საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისა და მიზნებისთვის გამოყენებას საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გაძლიერებისა და სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავებისკენ მივყავართ. ეს კიდევ უფრო ართულებს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გვაშორებს იმ სასურველ შედეგს, რისთვისაც ყოველდღიურად ვიბრძვით – ვიცხოვროთ ძალადობისა და აგრესიისგან თავისუფალ საზოგადოებაში,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ვრცლად 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე შეიძლება წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი