ახალი ამბები

“სოლიდარობა მეტროს!” – აქცია მეტროპოლიტენის მემანქანეთა მხარდასაჭერად

22 მაისი, 2018 •
“სოლიდარობა მეტროს!” – აქცია მეტროპოლიტენის მემანქანეთა მხარდასაჭერად

რუსთაველის მეტროსადგურთან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებისადმი სოლიდარობის აქცია დასრულდა. აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, მოძრაობა “აუდიტორია 115”, “EMC” და “ეთრი ხმაურის მოძრაობა” შეუერთდნენ, რომელთაც მემანქანეთა გაფიცვის უვადოდ გადადებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეტროს მუშაკებს გაფიცვის უფლებას უზღუდავს. მემანქანე ბესიკ ავლოხაშვილი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიუღებელია იმ პირობებშიც, როცა პროფკავშირმა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან” მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურა.

“30 დღით გადაგვივადეს და ამ ხნის განმავლობაში მოვიცადეთ. დავემორჩილეთ სასამართლოს განჩინებას. გუშინ კი მოგვიტანეს ამ უაზრო განჩინების ტექსტი, რომ განუსაზღვრელი ვადით გაფიცვა გვეკრძალება, სამუშაო საათებში უნდა ვიმუშაოთ და სახლში რომ მივალთ – გავიფიცოთ. ჩვენი პირობები წარდგენილია ყველანაირად. ყველანაირი მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვიჯექით, მაგრამ მათ არასდროს უსაუბრიათ თუნდაც ხელფასის მომატებაზე, უარით გვისტუმრებენ”, – განუცხადა ბესიკ ავლოხაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ბესიკ ავლოხაშვილის თქმით, მემანქანეთა ამჟამინდელი ხელფასი შეუსაბამოა იმ პირობებთან, რომლებშიც მათ ყოველდღიურად უწევთ მუშაობა.

“400 000 ადამიანი გადაგვყავს დღეში და ყოველთვის დაძაბულ მდგომარეობაში გვიწევს ყოფნა. ვმუშაობთ მავნე პირობებში. მარტივად გეტყვით: გარეცხონ მაგტარებელი და ერთი რეისის შემდეგ, უბრალოდ, ხელი გაუსვან. იმხელა მტვერი ადევს მატარებელს… ამას ხალხი ერთი ჩასუნთქვთ ვერ ვგრძნობს, თუმცა ჩვენ ვყლაპავთ. მკურნალობაც ხომ გვინდა, ნორმალური საკვები, ნორმალური დასვენება…”.

სოლიდარობა მეტროს მემანქანეებს – საპროტესტო აქცია რუსთაველის მეტროსთან. 23.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის”(EMC) იურისტი ლინა ღვინიანიძე ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სახიფათო პრეცედენტი შეიქმნა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება გაფიცვის უფლების შინაარსთან სრულ წინააღმდეგონბაში მოდის.

“ეს არის რამდენიმე ორგანიზაციის მირ ორგანიზებული აქცია. მისი მიზანი იყო მხარდაჭერის გამოხატვა მეტროს თანამშრომლების მიმართ. თუმცა იმ განჩინების გამო, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო სასამართლომ, ეს აღარაა მხოლოდ სოლიდარობის აქცია, არამედ ეს არის წინააღმდეგობა იმ ქმედებების მიმართ, რომელთაც ახორციელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და ასევე სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც არის დაუსაბუთებელი; მოდის წინააღმდეგობაში გაფიცვის უფლების შინაარსთან და, ვფიქრობთ, არის სახიფათო იმიტომ, რომ ესაა პირველი ასეთი პრეცედენტი გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებით”.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანება “ერთობა-2013“-ს, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.

EMC-ის ცნობით, რომელიც მემანქანეთა ინტერესებს იცავს, სასამართლოს განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაცხადებული გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით. კომპანიის შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე, რაც მათი შეფასებით წარმოადგენს გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას.

მიუხედავად თბიილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, თბილისის მეტროს ალტერნატიული პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის მემანქანეები 3 ივნისს გაფიცვას მაინც აპირებენ.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დავის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი