ახალი ამბები

გიგა ბუკია არ გამორიცხავს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმას მხარი დაუჭიროს

22 მაისი, 2018 • 5541
გიგა ბუკია არ გამორიცხავს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმას მხარი დაუჭიროს

ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომრე გიგა ბუკია “ქართულ ოცნებაში” გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ არ გამორიცხავენ, კონსერვატორებმა მხარი დაუჭირონ ნარკოპოლიტიკის რეფორმას.

“პროცესი მიმდინარეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე მხრიდან უნდა იყოს კონსენსუსისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჯერჯერობით ვართ პროცესში, გაგრძელება იქნება უახლოეს დღეებში და მერე ვნახოთ, რა შედეგებამდე მივალთ,”- განაცხადა გიგა ბუკიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მივა თუ არა პროცესი იქამდე, რომ კონსერვატორები მხარდაჭერას გამოუცხადებენ ნარკოპოლიტიკის რეფორმას, გიგა ბუკია პასუხობს, რომ ამას არ გამორიცხავს.

“ვნახოთ, გამორიცხული არაფერი არაა. პრინციპში, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და აქედან გამომდინარე,  ვნახოთ… ჩვენი მთავარი პოზიციაა, რომ მიღებულმა კანონმა ხელი არ უნდა შეუწყოს ნარკოტიკების გავრცელებას და ხელმისაწვდომობას და უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ჩვენ ვთვლით, რომ მომხმარებელი, იმიტომ, რომ მომხმარებელია, ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ, არის სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დარჩეს,”- განაცხადა გიგა ბუკიამ.

22 მაისს “ქართული ოცნების”  ოფისში მიმდინარე შეხვედრაში, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იყო თათბირი, ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული. გიგა  ბუკიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მხარეების არგუმენტები მოისმინა.

“ბიძინა ივანიშვილმა ყველა მხარეს მოუსმინა, მისთვის ორივე მხრიდან არგუმეტები იყო მოსმენილი, გარკვეულ პოზიციებს იზიარებს, გარკვეულს – არა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი