ახალი ამბები

“ვუსამძიმრებთ მოსამართლეს მამამთილის გარდაცვალებას” – რაში იყენებს სასამართლო ვებგვერდს

22 მაისი, 2018 • 4776
“ვუსამძიმრებთ მოსამართლეს მამამთილის გარდაცვალებას” – რაში იყენებს სასამართლო ვებგვერდს

“ბოლნისის რაიონული სასამართლო ულოცავს ამავე სასამართლოს მოსამართლეს პაატა ფხალაძეს  ვაჟიშვილის შეძენას. უსურვებს ჯამრთელობას, ბედნიერებას, სიხარულსა და უფლის მფარველობას”, – ეს ერთ-ერთია იმ განცხადებებს შორის, რომლებიც დღეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს ვებგვერდიდან წაშალეს მას შემდეგ, რაც “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა.

2012 წლიდან მიყოლებული ბოლნისის რაიონული სასამართლოს ვებგვერდზე სიახლეების სექციაში სულ 147 ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული, აქედან 41 ეთმობოდა სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სიახლეებს, 106 განცხადება – სასამართლოს თანამშრომლებისადმი მილოცვებსა და სამძიმრებს.

სასამართლოს ვებგვერდი 2012 წელს შეიმნა იმისთვის, რომ რაიონულმა სასამართლომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს ჩატარებული სხდომების, მიღებული გადაწყვეტილების და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ.

ბოლნისის რაიონული სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არის შემუშავებული შიდა რეგულაცია ვებგვერდებზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის თაობაზე.

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებში სტანდარტულ ტექსტებს თან ახლავს google-ის საძიებო სისტემაში მოძიებული ყვავილების, შამპანურისა და ჩვილი ბავშვების ფოტოები.

“ბოლნისის რაიონული სასამართლო ბატონ ლევან მურუსიძეს ულოცავს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას, უსურვებს მას წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.”

“ბოლნისის რაიონული სასამართლო დაბადების დღეს ულოცავს ამავე სასამართლოს სხდომის მდივანს ვერიკო ნინიაშვილს, უსურვებს მას ჯამრთელობას, ბედნიერებას, წინსვლასა და წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.”

ბოლნისის რაიონული სასამართლო

“ბოლნისის რაიონული სასამართლო ულოცავს ამავე სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსს ლევან სიმონიშვილს პატარის დაბადებას, უსურვებს ჯანმრთელობას, უფლის მფარველობასა, და კეთილდღეობას.”

“ბოლნისის რაიონული სასამართლო სამძიმარს უცხადებს, ამავე სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ თამარ სისვაძეს დედის გარდაცვალების გამო.”

“ბოლნისის რაიონული სასამართლო სამძიმარს უცხადებს ამავე სასამართლოს მოსამართლეს ქალბატონ ია ლაბაძეს მამამთილის გარდაცვალების გამო. პანაშვიდი 6,7 აპრილს. მისამართი ქ. თბილისი….”

22 მაისის 19:00 საათის მდგომარეობით ყველა განცხადება წაშლილია, რომლებიც მილოცვებსა და სამძიმარს შეეხებოდა. 147 განცხადების ნაცვლად დღეს საიტზე 7 განცხადების მოძიება შეგიძლიათ, თუმცა საიტზე არაა მითითებული, რომ ეს განცხადებები წაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი