ახალი ამბები

ნათია კობერიძის თქმით, წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან

21 მაისი, 2018 • 6879
ნათია კობერიძის თქმით, წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან

ნათია კობერიძე აცხადებს, რომ ლგბტ ადამიანების ტელევიზიის ეთერით დაცვის გამო წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან. ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ასახელებს და პოლიციის გამოხმაურებას ელოდება.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის საბუძველზეც გამოიკითხება ნათია კობერიძის მიერ დასახელებული პირი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. სარჩელში მითითებულია, რომ მუქარა ჟურნალისტის საჯარო გამოსავლას უკავშირდება.

ნათია კობერიძე

“მოქალაქემ, ვინმე ვახტანგ ჯაბანაშვილმა მომწერა მუქარის რამდენიმე მესიჯი. ძალიან უწმაწური და აგრესიული, ამის გამეორება რთულია, მაგრამ აშკარად მიუთითებდა პირადად ჩემი წამების და გაპატიურების განზრახვაზე, რომელსაც, მისი აზრით, ვიმსახურებ, როგორც ლგბტ უფლებების დამცველი. მომწერა ეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 17 მაისის თემაზე ჩემი გამოსვლის კვალდაკვალ.

მე გავაფრთხილე, რომ პოლიციას შევატყობინებ, თუმცა მუქარა მეორე დღესაც გაგრძელდა. შევატყობინე პოლიციას. ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჩემს მისამართზე, გამოიჩინეს პროფესიული გულისხმიერება და გამამხნევეს საჩივრის დაწერის საქემში. წამიყვანეს განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა ნინო ბლიაძემ დაწერა საჩივარი და გადაუგზავნა პროკურორს მოთხოვნით, გატარდეს ღონისძიებები ძალადობის მუქარის აღსაკვეთად,” – განუცხადა ნეტგაზეთს ნათია კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ უცნობი მამაკაცის მხრიდან მუქარის შესახებ რამდენიმე დღის წინ ინგა გრიგოლიამაც დაწერა Facebook-ზე და შსს-ს მიმართა, რომ იგი დაეცვათ. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ პოლიციელებს მან წარსულშიც მიმართა, თუმცა მაშინ ამას არანაირი შედეგი მოჰყოლია და უკვე წლებია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს. შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ინგა გრიგოლიას მიერ მითითებული პირი უკვე დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (ადევნება და მუქარა) აღძრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი