ახალი ამბები

ეს წარმატებული ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი-გახარია აქციის მონაწილეებს აქებს

18 მაისი, 2018 • 9170
ეს წარმატებული ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი-გახარია აქციის მონაწილეებს აქებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეებს აქებს და აცხადებს, რომ ეს ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის მომავალი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ და მათ არანაირი კავშირი აქვთ ნარკოტიკებთან. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

შს მინისტრის თქმით, ხელისუფლებას არ მოუხდენია აქციის მონაწილეების დემონიზება.

“მართლა გეუბნებით, რომ გულწრფელად მჯერა, ეს ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის მომავალი. ერთ რამეს გეტყვით ძალიან მარტივად: როდესაც მე მომიწია მათთან საუბრის შემდეგ პარლამენტის შენობაში ყოფნა, იქ იმდენი ნაცნობი სახე და ნაცნობი ახალგაზრდა ვნახე, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო… ისინი არიან ძალზედ წარმატებული და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კავშირი აქვთ ნარკოტიკებთან. მათ მართლა გამოხატვის თავისუფლება აღელვებდათ ყველაზე უფრო. ეს იყო აქტიური ნაბიჯი გადადგუმული თავისუფლების, როგორც უნივერსალური ფასეულობის დასაცავად,” – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, აქციის მონაწილეებთან სახელმწიფოს არ ექნება დისტანცირება და პირიქით, მათთან ძალიან მჭიდრო კავშირს დაიჭერენ:

“იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე აქტიური მეინსტრიმი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. მათ არანაირი კავშირი აქვთ ნარკოტიკების გავრცელებასთან და ეს ძალიან კარგად გვესმის.”

“ჩვენი თავისუფლებისთვის” – საპროტესტო აქცია პარლამენტთან. თბილისი, საქართველო. 12.05.18. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი