ახალი ამბები

თვითმმართველობის კოდექსის სადავო ნაწილში ცვლილებები შედის

10 დეკემბერი, 2013 • • 979
თვითმმართველობის კოდექსის სადავო ნაწილში ცვლილებები შედის

აღნიშნული ინიციატივა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა დააყენა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დაეთანხმა.


„ჩემი წინადადება იყო, რომ ეს საბჭოები გახდეს მხოლოდ საკონსულტაციო და მათ არ ჰქონდეთ უფლება შეარჩიონ, ან დაამტკიცონ, ან ანგარიში მოსთხოვონ გუბერნატორს და დააყენონ საკითხები, რომლებზეც ისინი ვერ შეთანხმდებიან გუბერნატორთან მთავრობის წინაშე. მათ ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია და მონაწილეობას მიიღებენ პროექტების განხორციელებისა და შედგენების განხილვაში. ანუ ეს არის გუბერნატორის მხოლოდ საკონსულტაციო ორგანო, მათ არ ექნებათ პოლიტიკური შემადგენელი და ამ კომისიაში ის ხალხი იქნება, რომლებიც  წარმოადგენენ მუნიციპალიტეტს: გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე,“- ამბობს გია ჟორჟოლიანი.

 

„ცალკეული წინადადებების ასახვა მოხდება. როდესაც კანონი პირველი მოსმენით გავა პლენარულ სხდომაზე, ცვლილებები მასში იქნება ასახული. ასევე, ჩვენ ალბათ გარდამავალი დებულებით განვსაზღვრავთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, რომლებიც თვითმმართველ ქალაქებად გამოიყოფა, დღეს ასეთი 5 ქალაქია და, ვფიქრობ, 7 ქალაქი დაემატება. რაც შეეხება საბჭოებს, ამ კარში დაკონკრეტდება ცალკეული დებულებები და მათ შორის ის, რომ მოხდეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ფორმირება”, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

 

„ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ლევან ვეფხვაძე, რომელიც დღევანდელ განხილვას ესწრებოდა, ამბობს, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ეს კარგია:


„კარგია, რომ ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და საბჭოები იმ ფორმით, რა ფორმითაც თავიდან იყო გათვალისწინებული, აღარ შეიქმნება, არ იქნება ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ქვეყნის სეპარაციის საფრთხე აღარ იარსებებს. მეორე თემა უკავშირდება რეალური თვითმმართველობის განვითარებას. ჩვენი მკაფიო მოთხოვნაა, რომ ყველა სოფელმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი პირველი პირი. ხელისუფლებას აქვს უმთავრესი ვალდებულება ჩაატაროს ნორმალური ადგილობრივი არჩევნები და ნორმალური არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, როცა არ ვიცით, თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ რა სტრუქტურას ვირჩევთ და როგორ ვირჩევთ? 6 თვე დარჩა არჩევნებამდე და მოვუწოდებთ ხელისუფლებას გონივრულ ვადებში მოაგვაროს ეს პრობლემა.“

 

თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ამ საბჭოების არსებობის აუცილებლობა არ არსებობს:


„კოდექსთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რომლებზეც პასუხებს ვერ ვღებულობთ. არსებულ კითხვებზე პასუხები განსაზღვრავს მოვლენების განვითარებას. იგივე ეს საბჭოები, გუბერნატორთან საკონსულტაციო საბჭოს არსებობის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ. გუბერნატორები ისედაც გადიან კონსულტაციებს რაიონების წარმომადგენლებთან,“ – აღნიშნავს კაკო ბობოხიძე.

 

შეგახსენებთ, რომ კოდექსის აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით პატრიარქმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ის ქვეყნის დაშლისკენ იყო მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი