ახალი ამბები

გახარია – ახალგაზრდებს ბოდიში დისკომფორტისა და საღამოს გეგმების ჩაშლისთვის მოვუხადეთ

18 მაისი, 2018 • 1891
გახარია – ახალგაზრდებს ბოდიში დისკომფორტისა და საღამოს გეგმების ჩაშლისთვის მოვუხადეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციის მიერ კლუბებში ჩატარებული სამართლაინი სპეცოპერაციის მიუხედავად, ესმის, რომ ეს გახდა გარკვეული ტრიგერი (გამოწმვევი/გამაღიზიანებელი). გიორგი გახარიას თქმით, ახალგაზრდებს და პარლამენტის წინ გამოსულ მოქალაქეებს კლუბებიდან გამოყვანით შექმნილი დისკომფორტისა და საღამოს გეგმების ჩაშლისთვის მოუხადეს.

“აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის, რაც პოლიციამ გააკეთა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების ჩაშლა და კლუბიდან გამოყვანა. რა თქმა უნდა, მათ მოვუხადეთ ბოდიში. ასევე, ბოდიში მოვუხადეთ იმათ, ვინც ამ ემოციურ ფონზე აღმოჩნდა რუსთაველზე და პარლამენტის წინ მათაც მოვუხადეთ ბოდიში.

ძალიან კარგად გვესმის ის, რომ პოლიციის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ტრიგერი იმის, რომ ამას მოჰყოლოდა გამოხატვის თავისუფლების ის ფორმები, რომელიც იყო, და მოვიხადეთ ეს ბოდიში. გავაგრძელო კიდევ? ამას მოჰყვა შემდეგ კონტრრეაქცია და კიდევ ბევრი რამ მოჰყვა, მაგრამ, საბედნიეროდ, ერთმა მხარემაც, მეორემაც, მესამემაც – სახელმწიფომაც და პოლიციამაც გაართვეს ამას თავი და შესაბამისი პასუხი გაეცა იმ გამოწვევებს, რომელიც იყო, რისი დამადასტურებელი ფაქტორი და საბუთიც იყო ნორმალურად ჩატარებული 17 მაისი,” – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი