ახალი ამბები

გახარია გალერისა და ბასიანის სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს მადლობას უხდის

18 მაისი, 2018 • 3445
გახარია გალერისა და ბასიანის სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს მადლობას უხდის

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პოლიციელებს ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის ჩატარებისთვის.

“პირველ რიგში, მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, გადავუხადო მადლობა, რამეთუ ჯერჯერობით ვერავინ ვერც ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების ვერ წარმოადგინა. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ შესაბამისი რეაგირება ამაზე გვექნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ამ სპეცოპერაციას წინ უსწრებდა სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების სისტემატურად გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა.

მინისტრი ამბობს, რომ პოლიციას აქვს კონკრეტული მაგალითები, რომლითაც ადასტურებენ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. გახარია ამბობს, რომ სასამართლოს განჩინებით საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული აქვთ 20–ზე მეტი კონკრეტული ფაქტი.

“მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაღებული, როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ ხვდება ორი ახალგაზრდა, ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა–გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხება ფასზე. შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და შემდეგ ამბობს, რომ ბოდიში, არ მაქვს  ხურდა, გამყიდველი იღებს ამ თანხას და ამბობს, რომ ხურდას დაგიბრუნებ, შემდეგ შედის დაცვის ავლით ამ კლუბში, კლუბიდან ბრუნდება, გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. მეორე შემთხვევა, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს კავშირზე გამსაღებლებსა და კლუბებს შორის, როდესაც ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას დაცვის უფროსი ახორციელებდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როდესაც ასეთი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა. მე ვფიქრობ, რომ აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს,” – განაცხადა შს მინისტრმა.

გახარიას მიაჩნია, რომ თუ ფორმაზე არსებობს შეკითხვები, მზად არის ამაზეც გასცეს კონკრეტული პასუხი, რადგან აქვს “შინაგანი რწმუნებულება”, რომ სწორად მოიქცნენ.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი მიზანი იყო, ნარკორეალიზატორები კლუბების გარეთ დაეკავებინათ. ერთმა ეჭვმიტანილმა კი მიასწრო კლუბში. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ადამიანები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ.

“ორშაბათ დილით კლუბში შესვლა იქნებოდა გასაკვირი. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ის დრო  სპეციალურად საგამოძიებო გუნდმა, რომ კლუბური ცხოვრება 12 საათიდან იწყება.

ეს არის არის პირველი შემთხვევა ეს არის დასაწყისი იმისთვის, რომ ნარკორეალიზატორების ქსელი გამოავლინონ.

გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ ყველაფერმა მიიღო სისტემური სახე, ეს მართლაც პრობლემაა. ეს არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

12 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც კლუბში 1 ადამიანი დააკვეს. შსს აცხადებს, რომ სულ დაკავებულია 8 ადამიანი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით. სპეცოპერაციის დროს ბასიანის გარეთ შეიკრიბნენ მოქალაქეები, შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.

13 და 14 მაისს პარლამენტის წინ გაიმართა აქციები ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით. მათი აქციის პარალელურად, გაიმართა კონტრაქცია. ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოუახადა მოქალაქეებს და დაჰპირდა, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლასა და სპეცოპერაციის დროს პოლიციის გადაცდომის საკითხებს შეისწავლიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი