ახალი ამბებისაზოგადოება

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე კანცელარიასთან – აქცია [ live ]

17 მაისი, 2018 • 2282
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე კანცელარიასთან – აქცია [ live ]

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ჰომობოფიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია დაიწყო.

პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი კანცელარიასთან შესასვლელები.

პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი კაცელარიასტან შესასვლელი, რათა ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლონ ანტიფომოფობიური აქციის მონაწილეებთან შეღწევა. 17 მაისი, 2018. თბილისი, საქართველო. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

პოლიციას რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კანცელარიასთან ასასვლელი ჩაკეტილი აქვს:


მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები კი რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილი და ანტიჰომოფობიურ აქციას ეწინააღმდეგებიან.

მართლმადიდებელი მრევლის ჰომოფობიური აქცია. 17 მაისი, 2018. თბილისი, საქართველო. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა 2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. სხვა წლების მსგავსად, თბილისის ცენტრალური ქუჩები ნაციონალისტებმა 2018 წლის 17 მაისსაც დაიკავეს. დილიდან იმართება მათი აქცია–მსვლელობები. მათ მხრიდან ისმის დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი განცხადებები.

“აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა”- მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მოთხოვნა 17 მაისს. თბილისი, საქართველო, 2018 წელი. ფოტო: დავით ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა. მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. სწორედ ეს აქცია მიმდინარეობს ამჟამად კანცელარიასთან.

ამის გარდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ქალთა საინიციატივო ჯგუფმა თბილისის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა სამინისტროსთან აქციებით აღნიშნა.

 

რატომ არ მონაწილეობს აქციაში გიორგი კიკონიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი აქტივისტი, რომელიც 2013 წლის 17 მაისს იმ ადამიანებს შორის იყო, რომლებიც გადაურჩნენ თავდასხმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი