საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ე.ჯ. დამნაშავედ ცნო.
როგორც უწყება აცხადებს, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ე.ჯ-მ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც იატაკზე დააგდო. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის იანვარში ე.ჯ-მ ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ე.ჯ-ს ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ე.ჯ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ორი ეპიზოდი).
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ჯ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.