ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში სამარშრუტოების მძღოლები გაიფიცნენ

17 მაისი, 2018 • 2523
სოხუმში სამარშრუტოების მძღოლები გაიფიცნენ

სოხუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 15-დან [დაახლოებით 50 თეთრი] 20 რუბლამდე [დაახლოებით 70 თეთრი] გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, საწვავზე ფასების ზრდის პარალელურად მათი გამომუშავებული ხელფასიც შემცირდა. საპროტესტო აქციის პროცესში მძღოლებმა გადაწყვიტეს, შეეხსენებინათ ქალაქის მმართველობისთვის ქალაქის იმ დანგრეული გზების შესახებაც, რომლებზეც ტრანსპორტი ფუჭდება გადადგილების დროს.

15 მაისს სამარშრუტოების მძღოლებმა თვითნებურად აწიეს მგზავრობის ფასი 20 რუბლამდე, თუმცა, ქალაქის ადმინისტრაციის მოთხოვნით, მილიციამ აღნიშნული ინიციატივა აღკვეთა. მაშინ გადაწყვიტეს მძღოლებმა პროტესტი.

“საღამოს ტრაფარეტები ახალი ფასებით გამოვაკარით და ადამიანებს არ გაუპროტესტებიათ. ადმინისტრაცია კი აპროტესტებს, ამიტომაც განვაგრძნობთ გაფიცვას”, – ამბობს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი რობერტ აშუბა.

მძღოლები ირწმუნებიან, რომ საწვავზე ფასების ზრდის გამო მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომაც მუშაობა ძველი ფასებით მათი დანაკარგის ხარჯზე ხდება.   

“ჩვენც გვყავს ოჯახები, ჩვენი შვილებიც დადიან სკოლაში, ჩვენც დავდივართ ქორწილებში და დაკრძალვებზე. ჩვენც ისევე გვინდა ცხოვრება, როგორც სხვებს. რატომ არ გესმით ჩვენი”, – მიმართავს რობერტ აშუბა სამარშრუტო ტაქსების გაფიცვით უკმაყოფილოებს. 

მძღოლები ფიქრობენ, რომ ტარიფის გაზრდა ხუთი რუბლით [დაახლოებით 20 თეთრი] მგზავრების ჯიბეს მნიშვნელოვნად არ დააზარალებს, მძღოლისთვის კი პირიქით, სრულყოფილი კომპენსაცია იქნებოდა.

მძღოლები ასევე აცხადებენ, რომ მათი შრომის პირობები არ შეესაბამება ნორმებს. 

“შეხედეთ ამ ორმოებს! სამი წელია გვპირდებიან გზების შეკეთებას, მაგრამ არაფერი იცვლება, პირიქით. მთელი დღე ამ მტვერსა და ტალახში ვმოძრაობთ. მანქანები ფუჭდება. ამასწინათ ორი ბორბალი გამისკდა და ვალად ავიღე ფული. კარგია, რომ ჯერ კიდევ გვაძლევენ ვალად ნაწილებს”, – ამბობს მძღოლი რაფიკ სარქსიანი.

ტროლეიბუსების მძღოლებს კი, რომელთაც აქციის დროს ქალაქის მგზავრების დიდი ნაწილის გადაყვანა მოუწიათ, კოლეგებს მხარს უჭერენ, რადგან შრომის პირობებითა და გზებით არც თავად არიან კმაყოფილი.

არიან მგზავრები, რომლებიც მხარს უჭერენ გაფიცვის ინიციატივას. მოქალაქეების განცხადებით, მძღოლების უკმაყოფილება ძალიან სამართლიანია და მათი ბრძოლის მეთოდები – გამართლებული.

“ეს ხუთი მანეთი არც აგვაშენებს და არც დაგვაქცევს, მათ კი ნაწილების საყიდლად უნდათ. სახელმწიფოს ფეხებზე ვკიდივართ ჩვენც და ისინიც. თავად მილიარდებს იპარავენ, მძღოლებს კი 5 მანეთით ფასის გაზრდას უკრძალავენ”, – ამბობს სოხუმის მცხოვრები იულია ბაზბა.

მოსახლეობის უმრავლესობისთვის მგზავრობის ღირებულებასთან ერთად მომსახურების ხარისხიც მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი კრიტერიუმია ავტობუსების ან სამარშრუტოების ლოდინის შუალედი. ყველას არ აქვს ენერგია და დრო, მტვრიან გაჩერებაზე, მზის ქვეშ იდგეს ტროლეიბუსის მოლოდინში, ამიტომაც მზად არიან, გადაადგილებისთვის მეტი გადაიხადონ.

“20 რუბლიც რომ ღირდეს, მიღირს. არ შემიძლია საათობით ლოდინი. ამიტომაც სჯობს, აქციების გამართვის მაგივრად მუშაობა დაიწყონ, გადავიხდით ამ ფასს”, – ამბობს ანა ხატშუკოვა.

თუმცა ყველა მაინც არ ფიქრობს, რომ ფასის გაზრდა სწორია. ზოგიერთი მგზავრი ამბობს, რომ მგზავრობის ღირებულება მოსახლეობის ხელფასებისა და პენსიების ოდენობის ადეკვატური უნდა იყოს.

“როცა 500 რუბლი [დაახლოებით 20 ლარი] გაქვს პენსია, რა ფასის გაზრდაზეა საუბარი. ადამიანები კაპიკებს აკოწიწებენ მგზავრობისთვის”, – ამბობს ნათელა ლაგვილავა, მგზავრი.

სოხუმის საქალაქო საბჭოში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა მოულოდნელობა იყო. რადგან როგორც ამბობენ, ამ პრობლემის გადაჭრის გზებს თვეზე მეტია ეძებენ.

ქალაქის დეპუტატები სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ: მათ შორის, ყოველდღიური გადასახადისგან მძღოლების გათავსუფლებისა და საწვავის დოტაციას.

“ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა დახმარებას შეგვპირდა. იქნებ მან შეძლოს იმის გაკეთება, რომ მძღოლებმა ბენზინი თავის ფასში შეიძინონ აფხაზეთის საწვავის სახელმწიფო კომპანიისგან. ეს საკითხი მხოლოდ პარასკევს გადაწყდება. თუ ეს მოხერხდა, მგზავრობის ფასი ისევ 15 რუბლი დარჩება, თუ არადა, 20 რუბლამდე გაიზრდება”, – ამბობს სოხუმის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინ ფილია.

რაც შეეხება გზების რემონტს, ფილია ამბობს, რომ ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს შორეულ პერსპექტივაში, რადგანაც ამჟამად “ქალაქს უბრალოდ არ გააჩნია გზების შესაკეთებელი რესურსი”.

“ქალაქის ბიუჯეტი ამ წელს 90 მილიონი იყო. რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში”, – ამბობს ფილია.

სოხუმის სამარშრუტოების მძღოლები მგზავრებს ჰპირდებიან, რო საკითხი პარასკევამდე გადაწყდება. 

სამარშრუტო ტაქსების გაფიცვა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სამარშრუტო ტაქსების გაფიცვა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი