ახალი ამბები

ლადო გურგენიძე საქართველოში ბიზნესიდან გასვლას არ აპირებს

6 დეკემბერი, 2013 •
ლადო გურგენიძე საქართველოში ბიზნესიდან გასვლას არ აპირებს

ვლადიმერ გურგენიძე
ვლადიმერ გურგენიძე

როგორც გურგენიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, პირიქით, ყველა მომგებიან საინვესტიციო პროექტში ზრდის თავის მონაწილეობას:

 

“ბოლო ერთ წელიწადში მილიონ ლარზე მეტი მაქვს ამ სტარტაპ პროექტებში, ჯამში, ინვესტირებული”, – აცხადებს იგი.

სამწარმეო რესტრის მონაცემებით, 4 დეკემბერს გურგენიძემ ჟურნალ “ტაბულას” წილის მის მიერ კუთვნილი 10 პროცენტი იურისტ ოთარ კახიძეს გადასცა უსასყიდლოდ, თუმცა გურგენიძეს თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესში აქტიურობის ტემპს შეანელებს:

“ტაბულა, სამწუხაროდ, ვერ გავიდა მოგებაზე და როგორც საინვესტიციო პროექტი საინტერესო არ გამოდგა, სულ ეს არის”, – ამბობს იგი “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ, რატომ დაუთმო “ტაბულას” წილი უსასყიდლოდ სხვა ადამიანს.

 

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ლიბერთი ბანკის ყველაზე მსხვილი აქციონერის, “ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიას” წილის 51% დააყადაღა. ამის მიზეზია სარჩელი, რომელიც ბანკის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოში შეიტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო. მომჩივანი მხარე “სახალხო ბანკის” (ახლანდელი ლიბერთი ბანკი) ყოფილი მფლობელის, მამუკა ჯინჭარაძის ოჯახია. მათი ადვოკატის, დავით ერისთავის განცხადებით, სასამართლომ “ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიას” კუთვნილი აქციების 51%–ის დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო. ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, “ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯია” ბანკის საერთო წილის საკონტროლო პაკეტს, 70.83%–ს ფლობს. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ეს წილი რუმინელ მილიარდერ დინო პატრუჩიოს ეკუთვნის. იგი პარალელურად რუმინული კომპანია “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და “Forbes”-ის მონაცემების მიხედვით, რუმინეთის უმდიდრესი ადამიანია. მის მფლობელობაში არსებული აქტივების ღირებულება, ჯამში, 1.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

 

ლადო გურგენიძე “ნეტგაზეთთან” არ საუბრობს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს რუმინელი ბიზნესმენი ზემოხსენებული საქმის შესახებ და ხომ არ სურს ამ ბიზნესიდან საერთოდ გასვლა. გარდა ამისა, ჯინჭარაძეების ოჯახმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ბანკის წილი ზეწოლის შედეგად ძალით დაათმობინეს და ამ პროცესში გურგენიძის მონაწილეობაზეც მიუთითებენ, საჩივარი პროკურატურაშიც შეიტანეს და თქვეს, რომ ექს–პრემიერ გურგენიძეს ყველა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. გურგენიძე ამ საკითხზე კომენტარისაგან თავს იკავებს და დასძენს, რომ პროკურატურიდან არავინ შეხმიანებია:

“არავის ამ საკითხზე არ მოუმართავს. მიმდინარეობს სასამართლო პროცედურები და ჩვენგან კომენტარი არასწორი იქნებოდა. ბანკი სწრაფად და სტაბილურად ვითარდება, არის მომგებიანი, წელს დაგვემატა ბევრი ახალი კლიენტი, პროდუქტი და გაყიდვის არხი, 2014–შიც ბევრი ინოვაცია გვაქვს დაგეგმილი და ჩვენ ბანკის მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ”.

 

სასამართლო განხილვები ზემოხსენებულ საქმეზე  ჯერ არ დაწყებულა. სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეს მოსამართლე ანა გოგიშვილი განიხილავს, ხოლო მისი დაწყების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის.

 

ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გურგენიძე (JSC liberty capital-ი) ბანკის საერთო წილის 7,36 პროცენტს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი