ახალი ამბები

საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

6 დეკემბერი, 2013 • • 1397
საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

„ჩვენ მოვითხოვთ საკონკურსო კომისიის დაშლას, ასევე, მივმართეთ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, რომ არ სცნოს ამ კომისიის შედეგები მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე. ამავდროულად, მივმართავთ საკრებულოს, რომ დაშალოს კომისია და შეიქმნას ახალი, სრულიად დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტდება,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „საზოგადოებრივი მონიტორინგის და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის“ თავმჯდომარე.

 

მისივე განმარტებით, აქციის ორგანიზატორები, ასევე, მიმართავენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ დაიწყონ მოკვლევა, თუ რა ხდებოდა ქალაქში: „ქალაქი მთლიანად გასხვისებულია და პრივატიზირებულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ“.

 

დღევანდელ აქციას ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე შეუერთდა, რომელმაც, მისივე განცხადების თანახმად, აღნიშნული კომისია გუშინ დატოვა.

 

„სწორედ ბოლო პერიოდში გამოჩნდა ის კულუალური განხილვები და ზეწოლები, რომლითაც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება არსებულ ვაკანსიებზე. კულუალური პოლიტიკის წარმმართველი არის გოჩა თევდორაძე, ამიტომ მე დავტოვე კომისია და მოვუწოდე სხვებსაც, რომ ანალოგიურად მოიქცნენ. ამ საზოგადოებრივ პროტესტს სწორედ ამიტომ შევუერთდი და ვიზიარებ მათ ძირითად მოთხოვნებს,“ – აღნიშნავს მღვდელაძე.

 

თუმცა, როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი განმარტავს, მამუკა მღვდელაძეს კომისიის დატოვების შესახებ განცხადება არ დაუწერია:

 

„დაასახელონ აქციის მონაწილეებმა, თუ რომელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმეიბან კონკრეტულად. მანანა მანაგაძე, ეს არის თემა, რომელიც შენ შეგიძლია ატრიალო, მაგრამ ბოლო არ ექნება. ეს არის აპელირება იმაზე, რომ ხალხში დაჩაგრულის იმიჯით გამოვიდეს. ის მონაწილეობდა კონკურსში და კარგად იცოდა, რომ უნდა წარმოედგინა ავტობიორაფია და არ წარმოადგინა თავისი შეხედულების გამო.”

    

მუდმივმოქმედ საკონკურსო საატესტაცო კომისიაში ამჟამად 6 წევრია, ესენი არიან: საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე, ასოციაცია “საჩინოს” თავმჯდომარე ზურაბ ხურციძე, ნესტან ნებულიშვილი, ნინო დვალი და ნუგზარ კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი