ახალი ამბები

ნარკომომხმარებლების საქმეები შესაძლოა განსახილველად სპეციალურ კომისიას გადაეცეს

15 მაისი, 2018 • 1721
ნარკომომხმარებლების საქმეები შესაძლოა განსახილველად სპეციალურ კომისიას გადაეცეს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა უწყებათაშორის კომისიას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის ფარგლებში  შეფასებისა და გადაწყვეტის კომისიის ჩამოყალიბების საკითხი წარუდგინა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, კომისია გარდამავალ პერიოდში იმუშავებს მანამ, სანამ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდება:

“შეფასების და გადაწყვეტის კომისია აქამდეც  იყო ჩვენს ინიციატივაში, უბრალოდ, ახლა დეტალიზაცია გავაკეთეთ. როგორც გარდამავალ პერიოდში, სანამ 273 მუხლი გაუქმდება, ანუ მოხდება ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია. იმისათვის, რომ ადამიანი იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ მოხმარება აქვს, ან მცირე ოდენობით აქვს პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების, საპატირმო სასჯელით არ დაისაჯოს ” – ამბობს ზოიძე “ნეტგაზეთთან”.

დეპუტატის თქმით, თუ პირს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე, ან მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის ფლობის გამო დააკავებენ, მისი საქმე კომისიას გადაეგზავნება, რომელიც, თავის მხრივ, იმსჯელებს კონკრეტულ საქმეზე:

“ამ შემთხვევაში ის, რომ გაიგზავნოს კომისიაში ნაცვლად ციხისა, რათა ამ კომისიამ შეურჩიოს, სჭირდება მას მკურნალობა, რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური ინტერვენცია თუ მოქალაქეობრივი უფლებების შეზღუდვა, მართვის მოწმობის ჩამორთმევა, საჯარო სამსახურში და გარკვეული პროფესიებით დასაქმების აკრძალვა და ა.შ.” – ამბობს დეპუტატი.

აკაკი ზოიძის თქმით, კომისია დაკომპლექტდება ექიმის. იურისტის და სოციალური მუშაკისგან. შესაძლოა მის შემადგენლობაში რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც შევიდნენ. კომისიის მუშაობის არეალი კი მოიცავს იმის დადგენას და შეფასებას, პირი ნარკოდამოკიდებულია, დგას წამალდამოკიდებულების გზაზე, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო გასინჯა ესა თუ ის ნივთიერება ან ხომ არ არის ის კრიმინალურ წრესთან დაკავშირებული. ამის შემდეგ კი შეურჩიოს, რა ტიპის დახმარებას საჭიროებს:

“რომ ჩვენ ნარკოტიკების მომხმარებლებს ხელი კი არ ვკრათ, მაქსიმალურად, სანამ გახდება წამალდამოკიდებული და ეს ქრონიკული ავადმყოფობა დაემართება, მანამ მოვახდინოთ მისი ამ გზიდან მობრუნება სწორედ ამ კომისიის მეშვეობით, როგორც დღეს პორტუგალიაშია. ამასთან, გარდამავალ პერიოდში უნდა შევიტანოთ 273-ე მუხლში ცვლილება, რომ კომისიას მიეცეს საშუალება ნარკომომხმარებლებთან მუშაობისთვის და პირველ ორ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილება იყოს  სავალდებულო ამ ადამიანების კომისიაში გაგზავნა” – უთხრა ზოიძემ “ნეტგაზეთს”.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულიო მოდელი პორტუგალიაში მოქმედებს. იქ კომისია ჯანდაცვისა და იუსტიციის უწყებების სრულ დაქვემდებარებაშია. ჯერჯერობით უცნობია, ვის დაექვემდებარება საქართველოში მოქმედი კომისია კანონპროექტის მიღების შემთხვევაში:

“ჩვენი შემოთავაზება გარდამავალი პერიოდისთვის იყო 1 წელი, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ ვფიქრობთ, ერთი წელი საკმარისი იქნება მისი ჩამოყალიბებისთვის და შედეგების დემონსტრაციისთვის” – ამბობს დეპუტატი.

ზოიძის თქმით, ამ ნაწილის, ისევე როგორც მთლიანი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოს დღეებში მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი