ახალი ამბები

ბაჩო ახალაია: ხელისუფლებამ ლახვარი ჩასცა ქართულ ჯარს

4 დეკემბერი, 2013 • • 1514
ბაჩო ახალაია: ხელისუფლებამ ლახვარი ჩასცა ქართულ ჯარს

“დღეს საქართველოს ისტორიაში უმძიმესი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, დღეს დაპირებებით მოსულმა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოსამართლის ხელით განაჩენი გამოუტანა არა კონკრეტულ პიროვნებას, დღეს მათ განაჩენი გამოუტანეს საქართველოს, ქართულ არმიას, ქართველ გმირებს, საქართველოს იდეას, საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისა და ერთიანობისათვის. ამ გაწყვეტილებით ხელისუფლებამ და მოსამართლემ ლახვარი ჩასცა ქართულ ჯარს, დღეს ჯარისკაცებს პირდაპირ განუცხადეს, რომ თუ თქვენ გაბედავთ და ხელს აღმართავთ მტერზე, თუ დაიცავთ საქართველოს მოქალაქეებს, დაისჯებით და პასუხს აგებთ.

 

ზურაბ შამათავა, ალექსანდრე გორგაძე- საქართველოს ორი პატრიოტი, რომლებიც ბავშვობის წლებიდან მთელი არსებით ემსახურებიან ჩვენ სახელმწიფოს და ქართულ შეიარაღებულ ძალებს; ადამიანები, რომლებიც საკუთარი მკერდით იცავდნენ საქართველოს რუსეთის აგრესიის დროს; ადამიანები, რომლებმაც მომხდურ მტერს საქართველო არ დაანებეს, დღეს პროკურატურამ და სასამართლომ ციხეში გამოკეტა, საპყრობილეში ჩააგდო. დღეს ამ ხელისუფლებამ, რომელიც გამოირჩევა სახელმწიფოს მტრების, რუსეთის ჯაშუშების შეწყალებით, ლმობიერი დამოკიდებულებით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება სურს, თავისუფლება აღუკვეთა ორ გულანთებულ სამხედროს. ზურაბ შამათავა სასიკვდილოდ იყო დაჭრილი ცხინვალის მისადგომებთან ოკუპანტი სახელმწიფოს არმიასთან ბრძოლის დროს. ალექსანდრე გორგაძემ ურთულესი სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას ტყვედ აიყვნა მტრული სახელმწიფოს ჯარისკაცი.

 

დღეს ზეიმობენ, დღეს ხარობენ, დღეს გამარჯვებას აღნიშავენ, დღეს მისიას შესრულებულად თვლიან იქ – რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს ხელისუფლებამ, მოსამართლემ დღეს მათ საქართველოს ოკუპაციის და ქვეყნის მოშლის „დამსახურება“ დაუფასა. ხელისუფლებამ დავალება შეასრულა – მებრძოლი ადამიანები ციხეში ჩასვა, ომი, ეთნიკური წმენდა, ჩვენი მოქალაქეების სისხლი, ტერორისტული აქტები საქართველოს გადააბრალა, რუსეთს ნამუსი მოწმინდა.

 

მაგრამ ერთი ავიწყდებათ, ეს ბიჭები გაუტეხელობის და ბრძოლის სიმბოლოები არიან; ერთი რამ ავიწყდებათ, ამ ბიჭების მთავარი აზრი საქართველოს თავისუფლებაა. მერწმუნეთ, მტრის ტყვიებს გადაფარებული ადამიანები საპყრობილეს არ შეუშინდებიან და არ შედრკებიან. ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება, დღეს მათი ბძოლა სწორედ პატიმრობაზე გადის და შეუძლებელია მათი პატრიოტული სულისკვეთება ოთხ კედელში გამოიკეტოს. ეს სულისკვეთება გამოხეთქავს და თავის მიზანს მიაღწევს.

ჩემთვის პატივია, ვიყო თქვენი მეგობარი, ჩემთვის პატივია, მქონოდა შესაძლებლობა თქვენ მხარდამხარ მონაწილეობა მიმეღო ქართული არმიის მშენებლობაში, ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენ სახელმწიფოს ასეთი სამაგალითო ჯარისკაცები ჰყავს. თქვენ დღეს საქართველოს სიყვარულისთვის აგებთ პასუხს და პირადად მე გაძლევთ პირობას, ეს ბრძოლა და თქვენი უანგარო თავგანწირვა უშედეგოდ არ ჩაივლის!”, – ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი