ახალი ამბები

მდინარაძე: გახარია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

14 მაისი, 2018 •
მდინარაძე: გახარია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უახლოეს დღეებში პარლამენტში მივა და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. როგორც “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 14 მაისს, ჟურნალისტებს უთხრა, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, ყველა დეპუტატს ექნება საშუალება, გახარიას დაუსვას კითხვები 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა საპარლამენტო უმცირესობამ გუშინ მოითხოვა.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი  მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი