ახალი ამბები

დუმილის მეორე დღე – პრემიერი განცხადების გაკეთებას ჯერჯერობით არ აპირებს

13 მაისი, 2018 • 3022
დუმილის მეორე დღე – პრემიერი განცხადების გაკეთებას ჯერჯერობით არ აპირებს

უკვე მეორე დღეა, რაც თბილისში მდებარე ორ ღამის კლუბში სპეცრაზმი შეიჭრა, რასაც რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ, გიორგი კვირიკაშვილი კი მთელი ამ დროის გნამავლობაში დუმილს ინარჩუნებს.

როგორც “ნეტგაზეთს” პერმიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, კვირიკაშვილი განცხადების გაკეთებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ბოლო პოსტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღის მისალოცი ტექსტია.

თბილისის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ რუსთაველზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. აქცია 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში შეჭრის შემდეგ მალევე დაიწყო, პიკს კი დღის 3 საათზე მიაღწია. აქციის მონაწილეები წვიმის მიუხედავად მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ, რამდენიმე აქტივისტი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება. ფართომასშტაბიანი აქცია პარლამენტთან 3 საათიდან განახლდება.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს შორის პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაცაა.

მოვლენათა ქრონოლოგია

  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიანღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, ძალადობრივი პოლიციური რეჟიმის დასრულებას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი