პოლიციამ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი, რომელიც შუაღამისას “ბაისიანის” მიმდებარედ დააკავეს, გაათავისუფლა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მოძრაობის წევრმა გიორგი კიკონიშვილმა დაუდასტურა. წიქარიშვილი ამჟამად “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ოფისში იმყოფება.
გიორგი კიკონიშვილის ცნობით, წიქარიშვილის გარდა გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე დაკავებული, მათ შორის “ბასიანის” დამფუძნებლები.
ბექა წიქარიშვილი პოლიციამ ღამით “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. სანამ დააკავებდნენ, წიქარიშვილმა რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა დააანონსა და ამ მსვლელობის დეტალებზე სასაუბროდ ოპერაციის პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას ითხოვდა.
- სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისის, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
- როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
- სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
- დაკავებულთა შორის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
- აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძწლდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს.