ახალი ამბები

‘გავიაზროთ 17 მაისი’ – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

11 მაისი, 2018 •
‘გავიაზროთ 17 მაისი’ – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია, სახელწოდებით “გავიაზროთ 17 მაისი” გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი.

აქციას მართავენ კავშირი “საფარი”, “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”, “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”, “თემიდა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა მწვანეები” და “თანასწორობის მოძრაობა”.

“საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართულ საზოგადოებას არაერთი სასტიკი, ძალადობრივი აქტი გვახსოვს. ჩვენს მეხსიერებაში ოთხი ომის შავ-თეთრი სურათებია აღბეჭდილი, აქედან ერთი, ყველაზე სასტიკი – სამოქალაქო ომის. ჩვენ ერთად გამოვიარეთ შიმშილის, განუკითხაობისა და უსამართლობის ათწლეულები, რომელმაც ათასობით თანამოქალაქის ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსეული ცხოვრება, ხოლო ხშირ შემთხვევაში, საუბედუროდ, სიცოცხლე შეიწირა და იწირავს დღემდე. ძალადობისა და სიძულვილის დამანგრეველი შედეგები ქართული საზოგადოებისთვის უცხო არაა. ამ პროცესში კი სიძულვილის წამახალისებელ როლს უმეტესად სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესთა მქონე ჯგუფები ასრულებდნენ.

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისა თუ დაჯგუფებების ქმედებები თითქმის არასდროს ყოფილა მომართული ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პრობლემების – სიღარიბის, უმუშევრობისა და უთანასწორობის აღმოფხვრისკენ. ისინი არასდროს გვაჩვენებდნენ საქმით, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენგან განსხვავებით, ისინი არც კი ფიქრობდნენ ამაზე.

ძალაუფლების დასაუფლებლად, შესანარჩუნებლად და ბოროტად გამოსაყენებლად, ყველაზე ხშირად მათი მთავარი იარაღი იყო არა სიმართლე, მათი მიზანი იყო არა მოქალაქეთა კეთილდღეობა, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებული და დაქსაქსული საზოგადოება, რომელსაც საერთო, ნამდვილი და რეალური პრობლემების წინააღმდეგ გაერთიანების ძალა აღარ შესწევს, რადგან ერთმანეთთან მტრობითაა დაკავებული.

2013 წლის 17 მაისს საზოგადოება ძალადობაზე, როგორც ყველასთვის საფრთხის შემცველ მტაცებელზე, არ ფიქრობდა და შედეგად, სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი და სამარცხვინო სამოქალაქო დარბევის მომსწრენიც გავხდით. ამ დღემდე არავის გვქონდა ნანახი, როგორ გამოიყურება ათიათასობით მოქალაქე, რომელიც მოსაკლავად მისდევს რამდენიმე ათეულ მშვიდობიან თანამოქალაქეს. ამ კონკრეტულ დღეს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ დღეს ადამიანებმა სიცოცხლე არ დავკარგეთ, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა ცხოვრების ძვირფასი ნაწილი – ოჯახის წევრები, ბავშვობის მეგობრები, ნაცნობები და შეყვარებულებიც კი.

17 მაისს ერთმანეთი დავკარგეთ ადამიანებმა ბარიკადების ორივე მხარეს, ხოლო ამ დღეს აგორებულმა სიძულვილისა და ზიზღის, ჰომოფობიის ტალღამ მოგვიანებითაც არაერთი ჩვენგანი დატოვა მეგობრის, სახლის და სიცოცხლის გარეშე. ჩვენ გვახსოვს, რომ სასტიკად მოკლული ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგჯერ არც კი იგლოვეს, ზოგჯერ დაწვეს, ზოგჯერ კი სიხარულით აღნიშნეს ჩვენი დებისა და ძმების სიცოცხლის დასრულება.

2018 წლის 17 მაისს, ჩვენ, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები; მკაფიოდ ვუთხრათ ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა თუ დაჯგუფებებს, რომ ფუჭია საზოგადოებაში შუღლის გაღვივების ყველანაირი მცდელობა, ხოლო მათ, ვინც საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო სამარცხვინო სამოქალაქო მტრობას თესავს, ისტორია და თავად საზოგადოება მოსთხოვს საკადრის პასუხს.

2018 წლის 17 მაისს ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკაფიოდ და გარკვევით ვუთხრათ: 90-იანი წლებიდან დღემდე, სიძულვილსა და უთანასწორობას ვუყურებთ უკლებლივ ყველა ჩვენგანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მის მომაკვდინებელ შედეგებსაც უკლებლივ ყველა ჩვენგანი ვიმკით. სიძულვილით უკვე არაერთხელ ვცადეთ და, ბუნებრივია, არაფერი გამოგვივიდა, ნგრევის გარდა. ღრმად გვწამს, რომ ახლა დროა, სოლიდარობით, ერთობლივი შრომითა და ურთიერთპატივისცემით დავიწყოთ საზოგადოებრივი თანაცხოვრება. გავიხსენოთ და ამით დავივიწყოთ ის, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა!

2018 წლის 17 მაისს სწორედ ამის სათქმელად ვიკრიბებით, შემოგვიერთდით! ერთად დავძლიოთ სიძულვილი და გადავდგათ ნაბიჯი მშვიდობიანი თანაცხოვრებისაკენ“, – წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო. 2012 წელს ლგბტ აქტივისტების მსვლელობას დაუპირისპირდნენ რამდენიმე მღვდელი და მრევლის წევრები. აქციაზე რამდენიმე ლგბტ აქტივისტი დააკავა პოლიციამ, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლებს.

ყველაზე დიდი დაპირისპირება 2013 წლის 17 მაისს მოხდა, როდესაც თავისუფლების მოედანზე ლგბტ აქტივისტებს არ აცალეს აქციის გამართვა და რამდენიმე ათეულმა ათასმა კონტრაქტივისტმა გაარღვია პოლიციის კორდონი და დედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მიიმწყვდიეს მიკროავტობუსი, რომელშიც ლგბტ აქტივისტების ნაწილი იჯდა და ცდილობდნენ მათ გასწორებოდნენ. წინააღმდეგობის გაწევის  შემდეგ მიკროავტობუსმა მოახერხა ბრბოს გასცლოდა.

2013 წლის შემდეგ, 14 მაისს გაიმართა აქცია, სახელწოდებით “უჩინარები”, რომლის ფარგლებშც ფეხსაცმელები მიიტანეს თავისუფლების მოედანზე და ამით გამოხატეს პროტესტი სიძულვილის წინააღმდეგ. მომდევნო წლებში იმართებოდა სპონტანური აქციები. 2013 წლის შემდეგ, 2017 წელს პირველად შეძლეს  ლგბტ აქტივისტებმა აქციის გამართვა კანცელარიის წინ.

2013 წლის შემდეგ საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახების სიწმინდის დღედ დააწესა. მას შემდეგ მრევლის ნაწილი ყოველ წელს აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს. იმართება მსვლელობა ქუჩაში სამების ეკლესიისკენ. წელს, საპატრიარქოს ჩოხოსნების ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა ეკლესიაში მასობრივი ჯვრისწერები გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი