ახალი ამბები

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

10 მაისი, 2018 • 1710
ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ორ პირს, რომლებიც სოციალური ქსელით ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები საკომუნიკაციო პროგრამა “Telegram”-ის მეშვეობით უკავშირდებოდნენ სხვა პირებს და თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების შეძენას სთავაზობდნენ. პოტენციური შემძენი მინიშნების სახით წერდა გამსაღებლებს „კონიაკის თემა არის?“, რის შემდეგაც ბრალდებულებისგან იღებდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს. ანგარიშსწორების შემდეგ, მყიდველს მისდიოდა ფოტო მისამართისა და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც იდო ნარკოტიკული საშუალება.

აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომაზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალი ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც უალტერნატივოდ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 14 წლამდე ვადით, ამასთან, მათი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ბილეთები და სასტუმროს ჯავშანი საზღვარგარეთ. საქმეზე გრძელდება გამოძიება და დასადგენია მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების ვინაობა. ამდენად, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 28 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

წარდგენილი ბრალის თანახმად, გ.გ-ს და ნ.გ-ს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

ინტერნეტით ნარკოტიკების გამსაღებლები დავაკავეთ – შსს

შსს–ს ცნობით, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 27 წლისა და 24 წლის ახალგაზრდები თბილისში 7 მაისს დააკავეს.

მისივე ცნობით, პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის და მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამალავებში დასატოვებლად გამზადებული, 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი – ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.

ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელებაში ბრალდებულების სამალავები – შსს-ს ვიდეო

მასალების გადაბეჭდვის წესი