ახალი ამბებისამართალი

“ეროვნულ-ისტორიული საგანძურის ხელყოფა” – სასამართლოს დასაბუთება “აიისას” საქმეზე

10 მაისი, 2018 • 5654
“ეროვნულ-ისტორიული საგანძურის ხელყოფა” – სასამართლოს დასაბუთება “აიისას” საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ “აიისას” მწარმოებელს, ანანია გაჩეჩილაძეს 4 სახის პრეზერვატივის საქართველოს ბაზრიდან ამოღება დაავალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქართული პრეზერვატივის მწარმოებელი კომპანიის პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არაეთიკურია, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.

გთავაზობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებებს “აიისას” 4 პრეზერვატივის გამოსახულებებსა და წარწერებზე, რომლებიც არაეთიკურად, არაჰუმანურად, არაზნეობრივად და ეროვნულ-ისტორიული საგანძურის ხელყოფად მიიჩნია:

წარწერა – “ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა”

სასამართლოს განმარტება: “ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.”

წარწერა – “ძლევაჲ საკვირველი” და გამოსახულება

სასამართლოს განმარტება: “დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაჲ საკვირველი. დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ეს გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა. პროდუქტზე გამოსახულია სამეფო გვირგვინი, რომელიც ეროვნული ღირებულებების მატარებელია.”

წარწერა – “სამეფო კარი თამარში” და გამოსახულება

სასამართლოს განმარტება: “თამარ მეფე იყო საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, ბაგრატიონთ სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარი ატარებდა ტიტულს: “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი”, მართლმადიდებელმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა, მისი სახე საქართველოში არაერთ ფრესკაზე არის გამოსახული..”

გამოსახულება – “მაკურთხებელი ხელი”

სასამართლოს განმარტება: “ხელის ჟესტიკულაცია, რომლის გამოყენება ხდება რელიგიური პირების მიერ. მაკურთხებელი ხელი გამოსახულია არაერთი წმინდანის ხატზე, ასევე მას იყენებენ სასულიერო პირები მრევლის კურთხევის მიზნით.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ანანია გაჩეჩილაძის მიერ “აიისას” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე და ასევე წარმოებულ პროდუქტებზე განთავსებული რეკლამები თავისი წარწერებით და გამოსახულებებით არაეთიკურია, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების (გამოსახულებები) გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს, ასევე რეკლამები თავის წარწერებითა და გამოსახულებებით ხელყოფს ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს.

  • ანანია გაჩეჩილაძე და მისი ადვოკატები თავის პოზიციაში მიუთითებენ ჩარევის არაკონსტიტუციურობის თაობაზე გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. აიისა საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს კანონის იმ მუხლს, რომლის საფუძველზეც მას თბილისის მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდეგ სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. საქალაქოს განმარტებით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად კონფედენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

“ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ იქნა ადამიანის ძირითად უფლებათაგან და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ნებისმიერმა ადამიანმა თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, თუმცა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით რეგლამენტირებული იქნა ამ უფლებათა განხორციელების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ იგი აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფედენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ანალოგიური პრინციპია გატარებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუ აღნიშნული ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ხსენებული მუხლის მ3-2 პუნქტით დადგენილია ის შეზღუდვები, რასაც ამ თავისუფლების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს, კერძოდ: ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში “მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად.” – განმარტავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოხატვის თავისუფლების საჭიროებისამებრ შეზღუდვასთან დაკავშირებით მაგალითებად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული საქალაქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებები საქმეებზე – “ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” (1976 წელი) და “მიულერი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ” (1988 წელი).

  • აიისამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგალითად მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის საქმე – “SEKMADIENIS LTD. ლიტვის წინააღმდეგ”, რაზეც ევროსასამართომ კომპანია გაამართლა.

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ანანია გაჩეჩილაძე დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განუსაზღრვრა 500 ლარის ოდენობით ჯარიმა. საქალაქოს ცნობით, სასამართლომ იხელმძღვანელა “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 41-ე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, 266-268-ე, 271-ე, 290-ე მუხლებით.

დაცვის მხარის პოზიცია

“აიისას” ინტერესებს სასამართლოში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე იცავს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ცენზურის კუთხით საშიშ პრეცედენტს ქმნის და ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.

შეიზღუდა თუ არა გამოხატვის თავისუფლება აიისას საქმეზე – იხილეთ ნეტგაზეთის ინტერვიუ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრთან, გიორგი გოცირიძესთან.

არაეთიკური რეკლამირებისთვის პრეზერვატივი “აიისა” 500 ლარით დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი