საინიციატივო ჯგუფი “მარო” გორში სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს, რისთვისაც მათ შესაბამისი პეტიციაც შეადგინეს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო დალაქიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, ის ფაქტი, რომ ქალაქ გორში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას კვლავ სტალინის სახელი ჰქვია, საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
“ჩვენ ვითხოვთ სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ამას მოითხოვს კანონი “თავისუფლების ქარტიის შესახებ”, რომელიც 2011 წელს არის მიღებული. ამ კანონის თანხმად, აკრძალულია ნებისმიერი ადმინისტრაციული თუ საქალაქო დაწესებულების, მათ შორის ქუჩებისთვის, ისეთი სახელების დარქმევა, რაც დაკავშირებულია საბჭოეთთან, ფაშისტურ და ტოტალიტარულ სიმბოლიკასთან და ა.შ. მათ შორის არის ეს სტალინიც ქუჩაც და მოვითხოვთ, რომ მას სახელი შეეცვალოს,” – განმარტავს ნინო დალაქიშვილი.
მისივე თქმით, პეტიციის შედგენაში საინიციატივო ჯგუფს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ეხმარებოდა და იურიდიული თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართულია.
როგორც დალაქიშვილი ამბობს, საინიციატივო ჯგუფმა გორის მერიის ვებსაიტზე პეტიცია ოთხი დღის წინ ატვირთა, თუმცა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ისინი გორის მერიისგან საკითხის ინიცირებას ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ითხოვენ.
საინიციატივო ჯგუფი “მარო”, რომლის სახელიც მარო მაყაშვილს უკავშირდება, სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევას უკვე სამი წელია ითხოვს. როგორც ნინო დალაქიშვილი გვიყვება, წლევანდელი კამპანია ორი ნაწილისგან შედგებოდა, ერთი იყო პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება, ხოლო მერე იყო ფორუმი, რომელიც გორის უნივერსიტეტში გაიმართა.
“ძალიან საინტერესო სპიკერები გვყავდა ჩამოყვანილი, რომლებმაც ისაუბრეს იმის თაობაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ტოტალიტარიზმის გადააზრებასა და რა კავშირია სტალინისადმი სენტიმენტალურ განწყობებსა და რუსულ პროპაგანდას შორის. ფაქტია, რომ რუსული პროპაგანდა ამით საზრდოობს და ადამიანებს პრორუსულად განაწყობს, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს,” – აღნიშნავს დალაქიშვილი.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ თუ აღნიშნული საკითხი საკრებულოში შევა, მას ყველა რეგლამენტის დაცვით განიხილავენ. თუმცა კითხვაზე, თავად დაუჭერს თუ არა აღნიშნულ საკითხს მხარს, განმარტავს, რომ საკუთარ პოზიციას მხოლოდ განხილვების შემდეგ გაახმიანებს.
გორის მერიის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამზირისთვის სახელის გადარქმევა საკრებულოს კომპეტენციაა და ამის შესახებ ვერ ისაუბრებენ.