ახალი ამბები

ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის პოზიციებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს

10 მაისი, 2018 • 4632
ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის პოზიციებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს

განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა 9 მაისის ღამე ისრაელ-ირანის ურთიერთობებში. სირიაში მყოფმა ირანელმა სამხედროებმა ისრაელის მიმართულებით 20 რაკეტა გაუშვეს, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ ჩამოაგდო. როგორც CNN იუწყება, სამიზნეებს დანიშნულების ადგილამდე არ მიუღწევიათ, ისინი გორანის მაღლობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. გორანის მაღლობი ისრაელსა და სირიას შორის მდებარეობს და მასზე პრეტენზიას ორივე სახელმწიფო აცხადებს.

ირანის საჰაერო იერიშს საპასუხო ცეცხლი მოჰყვა ისრაელის მხრიდანაც. დაიბომბა ირანელთა პოზიციები სირიაში. ისრაელის არმიის პრესსპიკერის თქმით, სირიაში განხორციელებული ავიაიერიშები ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო, შესაბამისად, ეს იყო ირანის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა ისრაელის მხრიდან.

ირანსა და ისრაელს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის სასარგებლოდ ირანელი სამხედროებიც არიან ჩართული. აღნიშნული ირანს საშუალებას აძლევს, თავისი სამხედრო ძალა ისრაელის საზღვართან ახლოს ჰყავდეს. ირანის პოზიციები სირიაში ისრაელელმა სამხედროებმა არაერთხელ დაბომბეს, თუმცა ბოლო შემთხვევას ირანის ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია.

როგორც CNN წერს, ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ზრდა მოსალოდნელი იყო აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის ფონზე. პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, გავიდეს ამ შეთანხმებიდან და ირანს ახალი სანქციები დაუწესოს.

ბირთვული შეთანხმება, ერთი მხრივ, ირანს, მეორე მხრივ კი, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ისტორიული შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. აშშ-ის მოკავშირეები აცხადებენ, რომ ისინი ამ შეთანხმებიდან გასვლას არ აპირებენ და ირანს მოუწოდებენ, გააგრძელოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი