ახალი ამბები

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანოპროექტის განხილვა მესამედ გადაიდო

7 მაისი, 2018 • 2657
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანოპროექტის განხილვა მესამედ გადაიდო

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში კიდევ ერთხელ გადაიდო. ამ ინიციატივით ბიუროს გია ვოლსკიმ მიმართა:

„ბოლო პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა და დაპირისპირების მძლავრი ტალღა შეიქმნა. რამდენიმე განცხადება გაკეთდა, რომ თითქოს ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები კანონის მიუღებლობით იყო განპირობებული, რაც სიმართლიდან ძალიან შორსაა“, – ამბობს დეპუტატი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით “ქართული ოცნების” გზავნილი მკაფიოა. დეპუტატი ამბობს, რომ უმრავლესობაში მხარს უჭერენ პრევენციაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, თუმცა, მისი თქმით, მმართველ გუნდში სურთ უკეთესი რეგულაციები შექმნან:

„ნარკოპოლიტიკის მიმართ ჩვენი გუნდის გზავნილი მკაფიოა და ეს არის სამი მნიშვნელოვანი პრინციპი. პირველი, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვახორციელებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია პრევენციაზე და ახალგაზრდებს იცავს ნარკოტიკების ზიანისგან. მეორე, ჩვენ გვსურს კიდევ უფრო უკეთესი რეგულაციები შევქმნათ იმისათვის, რომ ნარკოდამოკიდებულმა პირებმა მიიღონ სათანადო დახმარება, მკურნალობა და რეაბილიტაცია, და მესამე, ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტად დაუჭიროთ მხარი სამართალდამცავებს ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

ვოლსკის ინიციატივაზე კომენტარი კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, აკაკი ზოიძემაც გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია და გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი, პოზიციების დაახლოებაზე მუშაობენ:

“სულ რამდენიმე კვირაში შევძლებთ, რომ კონსენსუსის რესურსი ამოვწუროთ მთელ რიგ საკითხებზე და შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის გამოვიტანოთ განსახილველად“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გია ვოლსკის ინიციატივას კანონპროექტის განხილვის გადადებაზე პარლამენტის ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო.


ეს კანონპროექტი 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირეს დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ და სოფო ქაცარავამ. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილებას მმართველი გუნდის არაერთი ლიდერი უჭერდა მხარს, ამ დრომდე კანონპროექტის მიღება პარლამენტმა არაერთხელ გადადო.

კახა კალაძემ გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი. 2017 წლის ივნისშივე, პარლამენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც მოუწოდა, დაეჩქარებინა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმდომარემ, აკაკი ზოიძემ 2018 წლის იანვარში დეპუტატებს მოუწოდა, მობილიზდნენ და მოკლე ვადაში მიიღონ კანონპროექტი, თუმცა,შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.

გადავადებული კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანიზმის, ინდივიდუალური და არარეპრესიული მიდგომის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს.

კანონპროექტით, ზღვრული ოდენობების გაწერასთან ერთად,  ერთ-ერთი სიახლე იქნება საქართველოს მასშტაბით 15 სხვადასხვა ადგილას შექმილი კომისია. კანონპროექტით, ეს კომისიები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან იმუშავებენ და იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკებთან შემხებლობის მქონე პირი არ გაითვალისწინებს კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ამის შემდეგ კომისია მიმართავს სასამართლოს, კონკრეტული სანქციის დაკისრების თაობაზე იმსჯელოს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ამ ადამიანებს  მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეთ, რისთვისაც სახელმწიფომ სერვისები უნდა განავითაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი