ახალი ამბები

მეტროში დასაქმებულები სასამართლოს განჩინებას გაფიცვის გადავადებაზე ასაჩივრებენ

4 მაისი, 2018 • 1191
მეტროში დასაქმებულები სასამართლოს განჩინებას გაფიცვის გადავადებაზე ასაჩივრებენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი „ერთობა 2013“-ის სახელით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც თბილისის მეტროში დასაქმებულებს 30 დღით გაფიცვის უფლება გადაუვადა.

EMC მიიჩნევს, რომ გაფიცვის გადავადების შესახებ განჩინება სასამართლომ მხოლოდ დამსაქმებლის ცალმხრივი პოზიციის საფუძველზე, დასაქმებულთა ჩართულობისა და მათთვის შესაბამისი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობის გარეშე მიიღო.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლომ განჩინება მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გადადების თაობაზე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით მიიღო, რადგან სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარეთა შეჯიბრებითი პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების მიღება გაფიცვის კონსტიტუტუციური უფლებით სარგებლობასა და საჯარო სიკეთის დაცვის მიზანს შორის სათანადო შეპირისპირების საფუძველზე.

“აღნიშნული შემთხვევა ასევე აჩვენებს საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვან ხარვეზებს, რამდენადაც გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობისა და შრომითი დავების სპეციალური მოწესრიგების საჭიროების მიუხედავად, საპროცესო კანონმდებლობა არ მოიცავს ასეთი დავების განხილვისა და გადაწყვეტის სპეციფიკურ რეგულირებას”, – აცხადებს ორგანიზაცია.

3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მუშების გაფიცვა ერთი თვით, 2 ივნისამდე გადაავადა, ამის საფუძველი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შუამდგომლობა გახდა.

ლინა ღვინიანიძე: მეტროს მემანქანეთა გაფიცვაზე კალაძის პოზიცია პრობლემურია

გაფიცვისთვის მემანქანეები 23 აპრილიდან ემზადებოდნენ, ისინი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდნენ. სასამართლომ მათ ერთხელ უკვე გადაუვადა 21 დღით საგაფიცვო პერიოდი, რაც მედიაციისთვისაა გათვალისწინებული.

ნაცვლიშვილი: მემანქანეთა გაფიცვა სასამართლომ ცალმხრივი არგუმენტებით გადადო

მასალების გადაბეჭდვის წესი