ახალი ამბები

ზვიად რატიანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართავს

3 მაისი, 2018 • 2111
ზვიად რატიანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართავს

პოეტი ზვიად რატიანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართავს. რატიანს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამინის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) უწევს.

როგორც ორგანიზაციის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ამბობს, მოპასუხე ამ შემთხვევაში არა რიგითი პოლიციელები, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება:

“ჩვენ ვიწყებთ ახალ სამართლებრივ პროცედურას, რომლის ფარგლებშიც მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ იმ მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც ზვიად რატიანს მიადგა უკანონოდ, მისი პერსონალური მონაცემების მოპოვების და შემდგომ ამ მონაცემების საჯაროდ გავრცელების საფუძველზე,” – ამბობს ვერძეული.

მისი თქმით, ვიდეოჩანაწერის მოპოვებითა და გავრცელებით, ზვიად რატიანს სრულად მოეშალა უსაფრთხოების განცდა და შეექმნა სხვადასხვა სოციალური ბარიერები:

“შეგვიძლია ვთქვათ, ამ ჩანაწერების გავრცელება მთელ იმ სიმძიმესთან ერთად, რაც ისედაც ახლდა ამ საქმეს, იმ ძალიან ბევრ და მძიმე დაზიანებასთან ერთად, რომელიც ზვიად რატიანმა მიიღო, საერთო კონტექსტში ამ ყველაფერმა შექმნა ძალიან მძიმე ფონი მისთვის. მათ შორის, უსაფრთხოების განცდის სრულად მოშლა თუ სხვა ტიპის სოციალური ბარიერები, რომელიც შეუქმნა ამ საქმემ. და, რა თქმა უნდა, ამ საქმის არაეფექტიანმა გამოძიებამ, რაც იყო სიგნალი მათ შორის იმ პოლიციელებისთვის, რომლებიც ამ საქმეში მონილეობდნენ, რომ ჯერ კიდევ არ არის სისტემა მზად იმისთვის, რომ პასუხი მოსთხოვოს როგორც დამგეგმავს, ასევე შემსრულებელს ამ ტიპის სამართლებრივი გადაცდომების,” – ამბობს ვერძეული.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს დამნაშავედ ცნო პოლიციელების მიერ პირადი მობილური ტელეფონით ზვიად რატიანთან კომუნიკაციის გადაღებისა და რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გამო. შსს–ს 2 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ინსპექტორმა 2018 წლის 23 თებერვალს მიიღო.  2018 წლის 11 იანვარს EMC-იმ რეაგირებისთვის ინსპექტორს განცხადებით მიმართა და ინსპექტორის დასაბუთებაც მანვე გაავრცელა.


პოეტი ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა, პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. რატიანის თქმით, პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა.

რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები საზოგადეობრივმა მაუწყებელმა შსს–დან გამოითხოვა და ახალი ამბების გამოშვებაში უჩვენა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო საკუთარი პლატფორმიდან წაშალა.

1 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველ არხს ზვიად რატიანის დაკავებისას შსს-ს  ვიდეოს გავრცელების გამო არც ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, არც სიძულვილის გაღვივება და არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის. სასამართლომ რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

პოლიციის მხრიდან, ზვიად რატიანის წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევას პროკურატურაც იძიებს. როგორც EMC-ში ამბობენ, 4 თვის მანჭილზე, რაც პროკურატურა ამ საქმეს იძიებს, რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 4-ჯერ მიმართეს და ყველა ჯერზე უარი მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი