ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის მთავრობას შევახსენებ, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია აგვისტოს ომი – უეს მიტჩელი

1 მაისი, 2018 • 1710
რუსეთის მთავრობას შევახსენებ, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია აგვისტოს ომი – უეს მიტჩელი

“ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები”- ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გააკეთა.

” ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზის მიღმა. ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რაც ეხება საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, წამებას, მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, წაიღოს უკან ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დაუშვას  ჰუმანიტარული მიმოსვლა აღნიშნულ რეგიონებში.“ –  უეს მიტჩელის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დღეს, 1 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისს ესტუმრა. 

“ჩვენ გვინდა, რომ ამ რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანი იყოს იმ განვითარების მონაწილე, რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზეა. აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესში, როგორც ჩვენი დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის კუთხით უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის“.- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე არსებული ვითარება უეს მიტჩელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.

სოფელი ოძისი

მასალების გადაბეჭდვის წესი