ახალი ამბები

სოფო კილაძე მისი გადადგომის მოთხოვნას არ პასუხობს

1 მაისი, 2018 • 1448
სოფო კილაძე მისი გადადგომის მოთხოვნას არ პასუხობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ პასუხობს “თანასწორობის მოძრაობის” მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ და ამბობს, რომ დემონსტრაციის გამართვის უფლება ყველას აქვს.

“ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს აზრი და ეს აზრი გამოხატოს. ყველა ადამიანი ჩვენს ქვეყანაში დაცული არის კანონით, კონსტიტუციით და, ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი. არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა, ერთადერთი ეს შემიძლია ვთქვა. დანარჩენი, დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მიდის კანონის და წესის ფარგლებში”, – განაცხადა სოფო კილაძემ და აქციის თემაზე დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა, მათ შორის, აქციის მთავარ მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ.

“თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტარ სოფო კილაძის პოზიციას აპროტესტებს. გუშინ, 30 აპრილს, ჟურნალ ლიბერალთან საუბარში კილაძემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს.

“თანასწორობის მოძრაობა” მოითხოვს, სოფიო კილაძემ დატოვოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

მოძრაობის წევრებს პარლამენტთან კვერცხები დაუშინეს ორგანზიაცია “ბავშვთა დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარემ გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა. ინციდენტისას წვრილმანი ხულიგნობის მუხლით სამი პირი დააკავეს.

“თანასწორების მოძრაობის” წევრები აქციის შემდეგ პარლამენტში შევიდნენ, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი