ახალი ამბები

დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო თბილისში 3 პირი მართვით სუნთქვაზეა

1 მაისი, 2018 • 2272
დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო თბილისში 3 პირი მართვით სუნთქვაზეა

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ამ დრომდე სამი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც რუსთავი 2-ს კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა, სამივე პაციენტი დაუდგენელი ნივთიერების ეფექტის ქვეშ იყვნენ შემოყვანილნი.

“კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით შემოყვანილი სამი პაციენტი. სამივე პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.  ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა იმიტომ, რომ გახანგრძლივებული ჰიპოქსიით [მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის] არის შემოყვანილი კლინიკაში. ჰემოდინამიკის [სისხლის მოძრაობა] დარღვევით. ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, დადებითი დინამიკით,“- ამბობს ექიმი.


29 აპრილს თბილისში ახალგაზრდა ქალი, რომელიც კლუბიდან დაბრუნდა, ოჯახის წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ, ის ნარკოტიკულ ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა ქალის ახლობლებისაგან.

ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში ახლად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალება მეფედრონით  ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია  რუსთავი 2–მა  გაავრცელა.

შსს ბოლო დღეებში ორი ადამიანის საკუთარ სახლში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. მათი თქმით, გამოძიება ორივე ფაქტზე 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით დაიწყო, თუმცა, მათივე განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, სხვა გარდაცვლილების შესახებ.

თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, მეფედრონი თეთრი ფხვნილის სახით არსებობს, მას მოიხმარენ ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად.

ინტრავენური მოხმარება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანი მას სხვა ნივთიერებასთან კომბინაციაში იღებს.

ვრცლად, თუ რა არის მეფედრონი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი