ახალი ამბები

ხაშურში მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა იფიცებიან – EMC

30 აპრილი, 2018 •
ხაშურში მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა იფიცებიან – EMC

ხაშურში, ჩუმათელეთის მთავარი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 80-მდე მუშა მეორე დღეა სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამინის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” (EMC) აცხადებენ, მიზეზი არასათანადო შრომის პირობები და მინიმალური ანაზღაურებაა.

>ორგანიზაციის განცხადებით, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მთავარ მაგისტრალს აშენებს ჩინური კომპანია შპს „სინოჰიდროს“ ფილიალი საქართველოში. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

როგორც EMC აცხადებს, მაგისტრალზე დასაქმებულები საუბრობენ შრომის ხელშეკრულების არარსებობაზე, შეუსაბამოდ მაღალ სამუშაო დროსა და მინიმალურ შრომის ანაზღაურებაზე:

“მშრომელთა უმეტესობას არ აქვს შრომითი ხელშეკრულების ასლი და არ იცნობენ მის პირობებს. დღიური ხელფასი მაგისტრალზე დასაქმებულებისათვის 16-დან 20 ლარამდე მერყეობს, რაც საშუალოდ თვიური ხელფასის ოდენობას 480 ლარიდან 600 ლარამდე განსაზღვრავს. ამას გარდა, დასაქმებულები სამუშაოს ყოველდღე, დასვენების დღეების გამოყენების გარეშე ასრულებენ. მშრომელთა სამუშაო დრო კვირაში 70-77 საათს აღწევს, რაც მკვეთრად აღემატება შრომის კოდექსით დადგენილი ზღვრული საათების ოდენობას. დასაქმებულებს არ აქვთ საავადმყოფო ფურცლით და დასვენების დღეებით სარგებლობის შესაძლებლობა” – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები ითხოვენ:
  • შრომის ანაზღაურების (ხელფასის) გაზრდას გონივრულ ოდენობამდე და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას გაზრდილი ტარიფით
  • სამუშაო დროის ნორმირებას შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად
  • საავადმყოფო ფურცლით (ბიულეტენი) სარგებლობის, დასვენების დღეებით სარგებლობის უფლებას
  • შრომითი კონტრაქტების ცვლილებას
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მთავარი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი პირობების შემოწმებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი