ახალი ამბები

საიას საკანონმდებლო წინადადება რეპრესირებულთათვის კომპენსაციების შესახებ

18 ნოემბერი, 2013 • • 1193
საიას საკანონმდებლო წინადადება რეპრესირებულთათვის კომპენსაციების შესახებ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინადადება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ეხება.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზეზს მოქმედი კანონის ის ნორმები წარმოადგენენ, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს კანონის მიზნებისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა წინაშე:

 

„რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების თემაზე არსებული საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილია, რომ სახელმწიფოს აქვს მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. აუცილებელია, რომ კომპენსაცია იყოს ადეკვატური, სწრაფი და სამართლიანი. სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია ნიშნავს, რომ მისი ოდენობა არ უნდა იყოს მხოლოდ სიმბოლური. სამწუხაროდ, კანონის არსებულმა ამ ვერსიამ ვერ უზრუნველყო ამ პრინციპის პრაქტიკაში გატარება,“ – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს და ამ გზით უზრუნველყოს მსხვერპლთა უფლებებისა და ღირსების შეძლებისდაგვარად აღდგენა, ასევე მათი ხსოვნის პატივისცემა.

 

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ კანონმა განსაზღვროს კომპენსაციის გამოთვლის ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმები.  

 

საია მიიჩნევს, რომ  დარღვეული უფლებებისათვის სახელმწიფოს მიერ გაცემული ანაზღაურება, მათ შორის კომპენსაციაც, უნდა იყოს ჩადენილი დარღვევის და ზიანის პროპორციული. ამ პრინციპის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ სხვა კრიტერიუმების გამოყენება რეპრესიებიდან დღემდე გასული დროის ხანგრძლივობისა და სხვა ობიექტური გარემოების გამო დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, საია აცხადებს, რომ ერთადერთ ობიექტურ და გონივრულ გამოსავლად რჩება კომპენსაციის ოდენობის დაკავშირება თავისუფლების ამა თუ იმ ფორმით შეზღუდვასთან.

 

კერძოდ, კომპენსაცია გამოითვლება თავისუფლების შეზღუდვის ადგილას ყოფნის თითოეული თვის მიხედვით, ყოველ თვეზე კანონის მიღების დროისათვის არსებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ათასი ლარისა და არაუმეტეს 10 ათასი ლარისა.

 

იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პოლიტიკურ რეპრესიაში ყოფნის დაწყების ან/და დასრულების წლის დადგენა, პირს კომპენსაცია მიეცემა 5 ათასი ლარის ოდენობით. ხოლო იმ პირთა პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელთა მიმართ გამოყენებული იქნა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა,  ან გარდაიცვალნენ პოლიტიკურ რეპრესიაში ყოფნის პერიოდში, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 10 ათასი ლარის ოდენობით. 

 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კომპენსაციის მიღების პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივებას. ცვლილებები ითვალისწინებს კომპენსაციის მიღების უფლებას ფინანსთა სამინისტროსგან, მარტივი ადმინსიტრაციული წარმოების გზით, ნაცვლად სასამართლოსა, როგორც ამას კანონის მოქმედი ნორმა ითვალისწინებს.

 

კანონს ასევე ემატება მუხლი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, როგორც საბჭოთა რეპრესიების და მათი შედეგების შესახებ, ასევე, ამ კანონით შემქნილ კომპენსაციის მექანიზმებთან დაკავშირებით. ეს მუხლი ასევე ითვალისწინებს მსხვერპლთა  ხსოვნის პატივსაცემად გარკვეული ღონისძიებების გატარების ვალდებულებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.

 

შინაარსობრივ ცვლილებებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონისთვის სახელწოდების შეცვლას. შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, მას ეწოდოს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა, მათი სოციალური დაცვისა  და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი