ახალი ამბები

“შესაძლოა 3 მაისს თბილისის მეტრო გაჩერდეს” – პროფკავშირი გაფიცვას აანონსებს

29 აპრილი, 2018 • 2090
“შესაძლოა 3 მაისს თბილისის მეტრო გაჩერდეს” – პროფკავშირი გაფიცვას აანონსებს

ხვალ, 30 აპრილს, 11 საათზე, მეტროსადგურ რუსთაველთან მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი – “ერთობა 2013” პრეს-კონფერენციას გამართავს. როგორც პრესკონფერენციის ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი, გარდა სიტუაციის მიმოხილვისა, ისინი საჯაროდ დააანონსებენ გაფიცვის თარიღს და მოსახლეობას ფლაერების საშუალებით გააცნობენ ქალაქის შესაძლო პარალიზების დროს.

“ასევე, შეიტანენ განცხადებას შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რათა დაიცვან კანონიერი გაფიცვის შესაბამისი ყველა პროცედურა.

აუცილებელია იცოდეთ, რომ ერთობა 2013 მეტროს მეტროს მემანქანეთა თითქმის სრულ უმრავლესობას მოიცავს, შესაბამისად, გაფიცვის დაწყების შემთხვევაში, დაიკეტება ყველა მეტროსადგური.

მოგეხსენებათ, მეტროში მედიაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულდა. სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიისა და მერიისგან პასუხი ერთია – ხელფასების მატება ვერ მოხდება. ერთობა 2013-ის წევრებს სხვა აღარაფერი დარჩათ, გარდა გაფიცვისა.

ხელფასების მატება მეტროში 2013 წლიდან არ მომხდარა. მემანქანეების მოთხოვნა, საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდაზე, გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით.

მეტროს თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ, რადგან 2016 წლიდან კომპანიისგან მხოლოდ დაპირებებს იღებენ. მაშინ უარი თქვეს გაფიცვაზე, რადგან ეგონათ პროცესი კონსტურქციული მოლაპარაკებების რეჟიმში დასრულდებოდა, თუმცა ლოდინმა ისინი იქამდე მიიყვანა, როცა გაფიცვის გარდა სხვა გზა არ დარჩათ. მათ მრავალჯერ აღუნიშნავთ, რომ გაფიცვა თავადაც არ სურთ, რადგან კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მეტროს გამართულ მუშაობას მოსახლეობისა და ქალაქისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ არც მერია და არც კომპანია არ ითვალისწინებს დასაქმებულებისა და ხალხის მდგომარეობას”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი