ახალი ამბები

გიგი უგულავა: საარჩევნო ველურობას მოველოდით

28 აპრილი, 2018 • 1969
გიგი უგულავა:  საარჩევნო ველურობას მოველოდით

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დღეს “ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ ქართულ ოცნებას”.

“ქართული ოცნება დამარცხდება, რადგან მან მოატყუა ამომრჩეველი. უპატრონოდ დატოვა რეგიონები და მოსახლეობა. ვართ ძალიან მხნედ, რადგან გამარჯვებას წინ არაფერი უდგას”, – განაცხადა უგულავამ, რომელმაც ხმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ხონში დილით მისცა.

უგულავამ  ასევე კომენტარი გააკეთა მის დაზიანებულ ბანერზე, ჩამოხეულ პოსტერებზე და თქვა:

“ მათგან  საარჩევნო ველურობას მოველოდით წინა არჩევნებიდან გამომდინარე”.

ვანში კანდიდატ უგულავას ბანერი დაზიანებულია.

ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა:

“დილით რამდენიმე მოქალაქემ ჩვენც მოგვმართა, რომ ბატონ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე. ბატონ გიგი უგულავას გამოსახულებას სახე დაკარგული აქვს მთავარ ბანერზე, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგზე ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. მე იმედი მაქვს, რომ იპოვიან იმ ადამიანს, ვინც ეს გააკეთა. ქართული ოცნება არჩევნებს იგებს საქმიანობით და აბსურდულია ბრალდება. რომ რომელიმე პლაკატით ვართ დაინტერესებული”.


  • დღეს, 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს  #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ვანი და ხონი];
  • პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძვის. “ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძეა, “ევროპული საქართველოსი”- გიგი უგულავა.
  • შუალედური არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
  • ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ.
  • არჩევნები ტარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი;
  • საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი