ახალი ამბები | ,

შსს: ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გამომძიებლების სპეციალიზება დაიწყო

27 აპრილი, 2018 | | 1177
შსს: ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გამომძიებლების სპეციალიზება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო.

უწყების ცნობით, გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსის განმავლობაში მოხდება იმ ტერიტორიული ერთეულების გამომძიებელთა სპეციალიზაცია, სადაც ყველაზე მაღალია ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი, თუმცა სპეციალიზაციის კურსი ყველა საგამოძიებო სტრუქტურას ეტაპობრივად მოიცავს.

სპეციალიზაციის ინტენსიურ კურსს სახალხო დამცველის მოადგილე, ფსიქოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

“ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ საკითხებს: ოჯახში ძალადობის მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, დაზარალებულისა და მოძალადის ფსიქოლოგიური პორტრეტები, ოჯახში ძალადობის ზეგავლენა ბავშვებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან, მოწმეებსა და მოძალადესთან ურთიერთობის/გამოკითხვის ფსიქო-ემოციური და სამართლებრივი ასპექტები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის საკითხის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, მსხვერპლებისთვის არსებული სერვისები, დისკრიმინაციის ან/და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და ოჯახური დანაშაულების გამოძიების თავისებურებები,”- აცხადებს შსს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი