რუსეთის მთავრობამ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ერთობლივი შეთანხმება მოიწონა. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

შეთანხმების შესაბამისად, რუსული კომპანია “გაზპრომი” სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და რეკონსტრუქციაში 2 მილიარდი რუბლის ინვესტიციის ვალდებულებას იღებს, სანაცვლოდ კი,  ერთობლივი კომპანია “გაზპრომ სამხრეთ ოსეთის” სრული მესაკუთრე ხდება.

აქამდე აღნიშნული კომპანიის [“გაზპრომ სამხრეთ ოსეთი”] 25% ოსურ მხარეს ეკუთვნოდა.

ოსური მხარის წილის გაყიდვა კი იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათზე უფლებები და ინტერესები მთლიანად რუსული მხარის საკუთრებაში გადადის.

შეთანხმების ღირებულება არ გასაჯაროებულა.