ახალი ამბები

ექიმი ბაჩო შენგელია ბოდიშს იხდის, რესპუბლიკური საავადმყოფო კი საკითხის განხილვას აპირებს

26 აპრილი, 2018 •
ექიმი ბაჩო შენგელია ბოდიშს იხდის, რესპუბლიკური საავადმყოფო კი საკითხის განხილვას აპირებს

ექიმი ოფთალმოლოგი ბაჩო შენგელია ფეისბუქზე თავისივე გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი შინაარსის ფოტოს გამო ბოდიშს იხდის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ეთიკის კომისია მომხდართან დაკავშირებით იმსჯელებს.

ბაჩო შენგელიამ გუშინ, 25 აპრილს, გაავრცელა ფოტო, რომელზეც იგი ქალთან ერთადაა აღბეჭდილი და მისი მტკიცებით, მასთან სექსი ჰქონდა. ბაჩო შენგელიამ აღნიშნული ფოტო ქსენოფიურ  და მიზოგინურ კონტექსტში გამოიყენა.

ბაჩო შენგელია

“2018 წლის თებერვლის თვეში ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში დავიწყე მოღვაწეობა საქველმოქმედო მიზნით ექიმ ოფთალმოლოგად, გავიცანი უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანი, ფოტოზე აღნიშნული ქალბატონი გავიცანი არასამედიცინო გარემოში და მთელი იქ ჩემი ყოფნის პერიოდში გვქონდა იდიალური ურთიერთობა მიუხედავად ეთნიკური, სოციალური, კანის ფერის და განსხვავებული რელიგიური მრწამსისა. სწორედ ჩემი ემოციის და ანტიქსენოფობიური მოსაზრების დაფიქსირება მსურდა იმ ქსენოფობიურ სიუჟეტზე, რომელზეც ხანგრძლივი დისკუსია გავმართეთ.

ემოციურ ფონზე, სამწუხაროდ, არასწორად და არაეთიკურად იქნა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება გადმოცემული, თან მხოლოდ ეს არაეთიკური ნაწილი იქნა გამოყენებული (screen), რამაც ფეისბუქის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ამ არაკორექტული და არაეთიკური ნაწილის გამო მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას!” – წერს ბაჩო შენგელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე, რომლის აუდიტორიაც მხოლოდ მისი ფეისბუქის მეგობრები არიან. ბაჩო შენგელიას პასუხი რესპუბლიკრი საავადმყოფოს პრესსამსახურმა მისივე თანხმობით მოგვაწოდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულს საავადმყოფოში არსებული ეთიკის კომისია განიხილავს, თუმცა უცნობია, როდის. საავადმყოფოში იმასაც აკონკრეტებენ, რომ უკვე ესაუბრნენ ექიმს და მომხდარი მისი პირადი ცხოვრებაა და არ უკავშირდება საავადმყოფოს.

ფეისბუკში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოს გამოქვეყნების ფაქტზე ქალთა ორგანიზაცია „საფარმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება.

“საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია “ბათუმელებთან“ ამბობს, რომ “ეს არის სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის დარღვევა და ეს არის დანაშაული (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა), იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია არ გავრცელდა იმ პირის თანხმობით, რომელიც არის ასახული ფოტოზე”.

ბაია პატარაიას შეფასებით, თუ ფოტოზე ასახული ქალი დაადასტურებს, რომ ამ ფოტოს გავრცელებაზე მისი თანხმობა არსებობს და თუ ის ვერ დაინახავს ამ ფოტოზე გაკეთებულ კომენტარში პრობლემას, “მაშინ, ბუნებრივია, რომ დანაშაული სახეზე არ იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ქალი მიიჩნევს, რომ ეს არის მისი პირადი ცხოვრების ხელყოფა, გამოძიება უნდა დაიწყოს და შედეგიც დადგეს შესაბამისი”.

“საფარის” ხელმძღვანელის თქმით, გარდა იმისა, რომ ფეისბუკში გამოქვეყნებული ფოტო არის პრობლემური, ასევე პრობლემურია ის განცხადება, რაც ამ ფოტოს თან ახლავს.

“რადგან აშკარად იკვეთება რასიზმი, არის სექსისტური და მიზოგენიური ეს კომენტარი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალთან სექსი, ეს არის ქალის დამცირება, მისი რასის და ეროვნების დამცირება. ეს კომენტარი გაკეთებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართველმა ქალმა იქორწინა ფერადკანიან მამაკაცზე და სექსი მოხსენებულია სრულიად დამამცირებელ და ძალადობრივ კონტექსტში“, – ამბობს პატარაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი