ახალი ამბები

ნუკრი ქანთარია ივანიშვილის დაბრუნებაზე: ოცნებაში ბუნებრივი ლიდერები ვერ წარმოიშვნენ

26 აპრილი, 2018 • 2124
ნუკრი ქანთარია ივანიშვილის დაბრუნებაზე: ოცნებაში ბუნებრივი ლიდერები ვერ წარმოიშვნენ

პარლამენტარმა, “ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ “TV პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ “ქართულ ოცნებაში” ბუნებრივი ლიდერები ვერ წარმოიშვნენ.

“ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება, მეც რამდენჯერმე ვთხოვე, რომ დაბრუნებულიყო და პროცესებში ჩართულიყო. გარდაუვალი აუცილებლიობა, როგორც ჩანს, მან დაინახა. ხელი შეუწყო უაღრესად დაპირისპირებულმა განსხვავებულმა აზრებმაც. ამიტომ საჭირო გახდა მისი მოსვლა. მე მივესალმები ამას, რადგან ბიძინა არის უპირობო აღიარებული ლიდერი. სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებაში” ბუნებრივი ლიდერები ვერ წარმოიშვნენ, იყვნენ მხოლოდ თანამდებობრივი ლიდერები, თანამდებობებზე ინიშნებიან და მერე აღარ ვიცით მათი ასავალ–დასავალი. ასე რომ, ბევრი რამე იქნება დასალაგებელი, შესაცვლელი და იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ ამის გაკეთებას, იმედი მაქვს, რომ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში აუცილებლად დავრჩებით ჩვენ,  განსხვავებული აზრის მქონე ხალხიც, და ეს არ იქნება ვიწრო ჯიბის პოლიტსაბჭო, რასაც ალბათ აქამდე აპირებდნენ,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა საკმარისია იმისთვის, რომ პროცესები წავიდეს პოზიტიური მიმართულებით.

დღეს, 26 აპრილს, “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში ბრუნდება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პოლიტსაბჭოს შეკრება, ასევე, დელეგატების ყრილობა, რომელზეც ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.

ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი