ახალი ამბები

გვინდა, ივანიშვილის დაბრუნებით ქვეყნის განვითარებაში პარტიის როლი გავაძლიეროთ – კალაძე

26 აპრილი, 2018 • 1536
გვინდა, ივანიშვილის დაბრუნებით ქვეყნის განვითარებაში პარტიის როლი გავაძლიეროთ – კალაძე

“ძალიან მიხარია, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა მისივე დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარედ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივნმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“მისი დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმიტომ, რომ გვინდა პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის განვითარებაში ახალი იდეებით. შესაბამისად, ყველანაირად მზად ვართ, ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ პარტიული განვითარება და პარტიული ცხოვრება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიაში იმას, რომ მის გარეშე ვერ შეძლეს დასახული მიზნების მიღწევა და კრიზისიდან გამოსვლა, კალაძე პასუხობს:

“ჩვენ თუ გავიხსენებთ ყველა არჩევნებს, რომელიც 2016 წლის შემდეგ ჩატარდა, მე მგონი, შედეგები ყველაფერზე საუბრობს. რაც შეეხება პარტიის განვითარებას, მე მგონი, აქ ცუდი არაფერია იმაში, რომ ჩვენ გვინდა უფრო მეტი – უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზოგადად პარტიის როლი ქვეყნის გავნითარებაში იყოს მნიშნელოვანი და გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე.”

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასევე დასახელდეს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე იქნება.

“პარტიაში ცვლილებები განხორცილედება თუ არა, ამ ყველაფერზე ყრილობა გაიმართება უახლოეს მომავალში და გექნებათ ყველანაირი ინფორმაცია,” – ამბობს კალაძე.

კახა კალაძის განცხადებით, თანამდებობიდან არავის გადაყენება/გაშვება იგეგმება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან:

“ყველაფერს აქვს თავისი წესი და ვიმოქმედებთ ამ წესის შესაბამისად. პოლიტსაბჭო იმსჯელებს და ყველა საკითხი მიიღება პოლიტსაბჭოს ყრილობაზე, რომელიც გაიმართება, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში.”

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შესახებ დღეს, 26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ივანიშვილი თანახმაა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდეს.

თათბირი “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაშ დაბრუნების წინ. ფოტო: “ქართული ოცნება”

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა 2011 წელს დაიწყო, რაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლით დამთავრდა. 2013 წელს ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, თუმცა მოქმედი თანამდებობის პირები მუდმივად საუბრობდნენ მის როლზე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ოპონენტები კი მას ჩრდილოვან მმართველობაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ რეალურად, ქვეყანას სწორედ კვლავ ივანიშვილი მართავს. თავად ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავდა.

“ჩემი [პოლიტიკაში] დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი და თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას, მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას. რაღაც უბედურება თუ დატრიალდა საქართველოში,” – განაცხადა 2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა.

პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ ივანიშვილი საჯაროდ თითქმის არ ჩნდებოდა. ბოლო პერიოდში ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ნახეს სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პანაშვიდზე. ბოლო დროს კი განსაკუთრებით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან ასწლოვანი ხეების ამოთხრისა და მის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადარგვის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი