ჭიჭინაძე: ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნებით დასრულდება საუბრები ფარულ მმართველობაზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით დასრულდება საუბრები მის არაფორმალურ მმართველობაზე.

“დადებითად მივესალმები. ის კითხვები და ის გაუგებრობა რაც არსებობდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ არის რაღაცა ფარული მმართველობა, ყველაფერს დაესვა წერტილი. კარგია, რომ ოფიიალურად მიიღებს ამ პროცესებში მონაწილეობას. ჩვენ ყველას გვექნება საშუალება მასთან ურთიერთობის,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “TV პირველთან” საუბრისას.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, პაუხობს, რომ ეს იყო პარტიის ლიდერების შეკრება.

“ის იყო პარტიის ხელმძღვანელის, პოლიტსაბჭოსიც და იმ ძირითადი ბირთვის, ვინც არიან კომიტეტის თავმჯდომარეები და ეს ხომ ჩვენს საკიხთს არ ეხებოდა. რატომ უნდა დავსწრებოდით ზოგადად. ჩვენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები, მივესალმებით. მე ვფიქრობ, რომ დროულია და საკმაოდ ისეთ პერიოდში ჩაერთო ბატონი ბიძინა, რომ ახალ სიცოცხლეს შემატებს მოვლენებს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღეს, 26 აპრილს, გახდა ცნობილი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. მას მაისის დასაწყისში პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ. შეხვედრას, რომელზეც ეს საკითხი გადაწყვდა, დავით ჭიჭინაძე არ ესწრებოდა.

ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com