ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევით, შუალედურ არჩევნებში უგულავა ლიდერობს

25 აპრილი, 2018 •
“ევროპული საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევით, შუალედურ არჩევნებში უგულავა ლიდერობს

“ბი-სი-ჯი-ს” კვლევის მიხედვით, რომელიც “ევროპული საქართველოს” დაკვეთით მომზადდა და ვანსა და ხონში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ეხება, გიგი უგულავას მხარს უჭერს მოსახლეობის 41,4 %.  კვლევის მიხედვით, უგულავას კონკურენტს ქართული ოცნებიდან,  გივი ჭიჭინაძეს კი 32.1%-იანი მხარდაჭერა აქვს.

სოციოლოგიურმა კომპანიამ გადაუნაწილებელი ხმების ( არ ვიცი და უარი პასუხზე) გადანაწილებაც გააკეთა დამატებითი კითხვების დახმარებით. ამ შემთხვევაში, კვლევის მიხედვით, გიგი უგულავას 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლებიდან მის კონკურენტს კი- 35.5%.

“ევროპული საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48.4%) უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების იმ გადაწყვეტილებას, რომლებმაც ვანსა და ხონში დაგეგმილ რჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს:

“კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების საქმიანობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა. ვანსა და ხონში გამოკითხულთა უმრავლესობა (62.3%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 64% კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათი იმედები ვერ გაამართლა. მოსახლეობას უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდა აწუხებს” – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ასევე მოუგვარებელია ყოფითი საცხოვრებელი პირობები (გზა, წყალი, კანალიზაცია). მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ფაროსანაც.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გამოკითხულთა 59%-ის აზრით, ხელისუფლებამ ამ პრობლემაზე რეაგირება არ მოახდინა, ან არაადეკვატური იყო.

კვლევა “ევროპული საქართველოს” დაკვეთით მომზადდა და ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში 620 პირისპირ ინტერვიუს მოიცავს, რომელიც 3-დან 10 აპრილამდე ვანისა და ხონის სრულწლოან მოსახლეობას ჩაუტარდა. როგორც ნეტგაზეთს “ევროპულ საქართველოში” განუცხადეს, კვლევის ცდომილება 2 პროცენტია.

პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში 28 აპრილს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი