ახალი ამბები

ჩხუბი თბილისის 24-ე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით – დაწყებულია გამოძიება

24 აპრილი, 2018 • 2253
ჩხუბი თბილისის 24-ე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით – დაწყებულია გამოძიება

დღეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, 24-ე სკოლასთან ამავე სკოლის მე-11 კლასის ორმა მოსწავლემ უცხო პირებთან იჩხუბა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს დანა ჰქონდა, არიან დაშავებულებიც, თუმცა პოლიცია დანის პოვნის ფაქტს უარყოფს.

როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მოსწავლეებს ჩხუბი სკოლასთან ახლოს მცხოვრებ მეზობლებთან მოუვიდათ, თუმცა მიზეზი უცნობია.

დირექტორის ინფორმაციით, ჩხუბის ადგილზე იპოვეს დანა, თუმცა არ იციან, ვის ეკუთვნოდა. მისი თქმით, ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს კი ხელზე მცირე დაზიანება ჰქონდა.

ნეტგაზეთი 24-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლეს ესაუბრა, რომლებიც ასევე შეესწრნენ ინციდენტს. ბავშვების თქმით, ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს დიდი დანა ნამდვილად ჰქონდა და საპატრულო პოლიციის გამოჩენისას ცივი იარაღი ტროტუარზე გაჩერებული მანქანის ქვეშ შეაგდო. ბავშვების თქმით, ინციდენტში 5-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა, თუმცა ჩხუბის მიზეზი არც მათ იციან.

“პოლიცია ძალიან მალე მოვიდა და გადაკეტა მოძრაობა. ორ მოსწავლეზე მეტი ნამდვილად ჩხუბობდა. დიდი არავინ ყოფილა იქ, ყველა მოსწავლე იყო. ერთ-ერთს თვალში ჰქონდა სისხლჩაქცევა და სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მეზობლები ყველა გარეთ იყო. ჩვენც ქალის ყვირილის მერე მივედით. თითქმის თანატოლები იყვნენ ორივე მხარეს, შეიძლება 1-2 წლით უფროსი ყოფილიყო ვინმე,” – ამბობენ 24-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ჩხუბის ადგილზე დანის პოვნის ფაქტს. უწყების განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია სამი ახალგაზრდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი