შსს–ს ცნობით, თბილისში ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს, ფარმაცევტს კი ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
პოლიციის ინფორმაციით, 23 აპრილს აფთიაქის ჯგუფურად დაყაჩაღების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი: ა.ტ. და გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. მათ შესაძლოა 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.
გამოძიების ინფორმაციით, 23 აპრილს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქის გამყიდველს ცივი იარაღის მუქარით თანხა და პირადი ნივთები გასტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქალს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს. სამართალდამცველების ცნობით, ა.ტ. და გ.შ. კახეთის გზატკეცილზე დააკავეს.
გ.შ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ნივთები: თანხის ნაწილი, აფთიაქის თანამშრომლის მართვის მოწმობა, მის სახელზე რეგისტრირებული ბარათები, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ის ტანსაცმელი ამოიღო, რომელიც დაკავებულებს ყაჩაღობის დროს ეცვათ, აცხადებს პოლიცია.